გელათის კულტურული ძეგლები
სოფლის სიმშვენიერეში ჩაფლულა გელათის მონასტერი... მეფეთმეფემ, დავით მეოთხე აღმაშენებელმა 33 წლის ასაკში 1106 წელს ,,მოიგონა აღშენება მონასტრისა'' საქართველოს ძველი სატახტოს, უხუცესი ქართული ქალაქის, ქუთაისის მახლობლად. დავითმა აღაშენა და აღმართა ,,ვითარცა მეორე ცაჲ'' ,,მეორე იერუსალიმად'' და სხუად ათინად'' წოდებული მონასტერი. ტაძარი და აკადემია!
გელათის მონასტერი (მეთორმეტე საუკუნე)
შენდებოდა გელათის ტაძარი და აკადემია... ამბობენ, მეფეთმეფე თვითონ იყოო მთავარი ხუროთმოძღვარიც, ხელოვანი ქვისმთლელიც და ოფლადდაღვრილი ქვათამტვირთველიც.
გელათი - ,,ახალი იერუსალემი და ათინა'' ცხადდებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ,,ყოვლისა აღმოსავლისა'' ,,სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად.''
გელათის მონასტერი შემოზღუდულია გალავნით. სამონასტრო ანსამბლში სხვადასხვა დროინდელი შენობები შედის. მთავარი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ორ ბოძსა და საკურთხევლის კედლებზე დაყრდნობილი ცენტრგუმბათოვანი შენობაა, რომელსაც აღმოსავლეთ მხარეს (სხვადასხვა დროს) მიშენებული აქვს სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდი. დასავლეთ მხარეს სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენებით 1260 კვ.მ-ია, სიმაღლე - 34 მეტრამდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორაციული თაღებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს.
ღვთისმშობლის ტაძარში
ღვთისმშობლის ტაძრის კედელკამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. ჩრდილოეთ კედლის პირველ რეგისტრზე გამოსახულია ისტორიული პირები (ქტიტორები): მეფეთმეფე დავით მეოთხე აღმაშენებელი, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს გელათის ტაძრის მოდელი, მარჯვენაში - სიგელი. მის თავზე გამოსახულია ღვთის ხელი, რომელიც დავითს აკურთხებს როგორც ტაძრის აღმშენებელს. მის გვერდით გამოსახულია მე-16 საუკუნის დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი, ევდემონ ჩხეტიძე. მათ გვერდით არიან იმერეთის მეფე ბაგრატ მე-3 (1510-1565), დედოფალი ელენე, ბაგრატის შვილი - შემდგომში იმერთა მეფე, გიორგი მე-2 (1565-1583), მისი მეუღლე - დედოფალი რუსუდანი და მათი შვილი - ბაგრატი, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
ტაძრის ჩრდილოეთ კედლის მეორე რეგისტრზე გამოსახულია ბზობა - იესო ქრისტეს ბრწყინვალე შესვლა იერუსალიმში.
აქვეა იუდას ჩამოხრჩობის ფრესკა, რომელიც მე-18 საუკუნეშია შესრულებული.
სამხრეთით მდებარე კედლის პირველ რეგისტრზე გამოსახულია ქებათა-ქება მარიამ ღვთისმშობლისა. წმინდა მარიამის მარჯვენა მხარეს დგას ებრაელთა ლეგენდარული მეფე დავითი თავის ქნართან ერთად.
სამხრეთ აღმოსავლეთით, მეხუთე რეგისტრში საიდუმლო სერობაა გამოსახული.
ღვთისმშობლის ტაძრის შიდა ინტერიერის მარჯვენა და მარცხენა მხარეს გამოსახულია ჯვარი და ქრისტეს წამების იარაღები.
ტაძრის საკურთხევლის თავზე გამოსახულია მე-12 საუკუნის მოზაიკა. მთავარ ფონზე გამოსახულია წმინდა მარიამი თავის პირმშოსთან, იესოსთან ერთად. გვერდით მოწიწებით დგანან მთავარანგელოზები: მიქაელი და გაბრიელი.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მინაშენზე მე-13 საუკუნეში გამოსახეს მზის საათი, რომლითაც მზის დახრილობის მიხედვით გებულობნენ დროს.
მზის საათი
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით არის მე-13 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. ეკლესია ჯვრის ფორმისაა, ცენტრალურ გუმბათიანი. აქვს 8 სარკმელი. დასავლეთ მხარეს აქვს ერთი შესასვლელი და ერთი მინაშენი. დასავლეთ კარიბჭე მიშენებულია გვიან შუასაუკუნეების ეპოქაში.
გელათის სამონასტრო ანსამბლში არის მე-11 საუკუნის წმინდა საბას საყდარი. 90-იან წლებში საყდრის შეკეთებისა და ამოქმედების მიზნით ,,მოხალისე არქეოლოგებმა" თვითნებურად, მეცნიერებთან შეუთანხმებლად დაიწყეს ნაგებობის ,,გათხრა" და გაწმენდა. მიწის ის ფენები, რომლებიც ძეგლის ისტორიის შესახებ საყურადღებო და საჭირო მასალას შეიცავდა, მთლიანად გაანადგურეს.
გელათის მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით, ამაღლებულ ადგილზე არის ძველი შენობების ნანგრევები, რომელსაც ,,სოხასტერს" ეძახიან. ქართული სიტყვა ,,სოხასტერი" ბერძნული ,,ჰესვიხასტერიონ"-ისგანაა წარმომდგარი და ნიშნავს დაყუდებული საცხოვრებელს. აქ განთავსებული იყო ,,ქსენონი" ანუ სასნეულო-სამკურნალო სახლი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუარსებია. ,, ქართლის ცხოვრების'' მიხედვით მრავალომგამოვლილი დავითი ამოვიდოდა გელათში, დაისვენებდა, პირადად ინახულებდა სნეულთ და თავის ხელით ასმევდა წამალს.
მემატიანე მოგვითხრობს, ,,დავითმა შემოიკრიბა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა'', რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჯის ძე, ეფრემ მცირე და თეოფილი. გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ისტორიული, ფილოსოფიური ნაწარმოებები...
აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით დგას. შესასვლელი შედგება ოთხსვეტიანი კარიბჭისაგან. შენობის სიგრძე 25 მ-ია, სიგანე - 10 მ.
გელათის აკადემიამ მე-16 საუკუნის 20-იან წლებამდე იარსება.
მე-17 საუკუნიდან მხოლოდ დიდი დარბაზი მოქმედებდა როგორც პურის საჭმელი ადგილი. დარბაზის შუაში მარმარილოს მაგიდა იდგა, სადაც მეფე ჯდებოდა პურის ჭამის დროს.
მთავარი ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი ნაგებობაა, საიდანაც წინათ ხალხი მონასტრის გალავანში შედიოდა. ამ შენობაში დაკრძალულია მეფე დავითი. საფლავზე ზემოდან ადევს დიდი ქვა წარწერით: ,, ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. რამეთუ მთნავს, ამას დავემკვიდრო მე''. ეს სიტყვები ამოღებულია მეფე დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნიდან.
გადმოცემის მიხედვით, მეფე დავით მე-4-ს დაუბარებია, რომ კარიბჭეში შემოსულმა ყველა ქართველმა გულზე დამადგას ფეხიო.
საფლავთან ჩამოკიდებულია ქალაქ განჯის ციხის რკინის კარები, რომელიც დავითის შვილს, დემეტრეს ჩამოუტანია განჯიდან და მონასტრისათვის შეუწირავს.
მონასტრის ეზოში გარდა ორი ეკლესიისა, არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც მონასტრის მთავარ ტაძართან და აკადემიის შენობასთან ერთად ფუნქციონალურად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ეს ეკლესია ფორმით სწორკუთხაა, რომლის ქვედა სართული თაღებითაა გახსნილი, რომლის ზემოთ პატარა გუმბათიანი ეკლესიაა, იქ ქვის კიბით ადიან. ეს კიბე უფრო გვიანდელია, ვიდრე ეკლესია. ადრე ტაძარში ხის კიბით ადიოდნენ.
