cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

MultimediaMaterial

    No tags

სოფელი ბაკურციხე-ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ

by nino berikaSvili — last modified 2011-01-08 03:38 Share

სოფელი ბაკურციხე-ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ - ambula 070.jpg



      საინტერესო წარსული აქვს სოფელ ბაკურციხეს; თეიმურაზ ბატონიშვილის /1782-1846წ.წ./ სიტყვით, “მეფე იქმნა ბაკურ წელთა ქრისტესით 233-სა და ეგო მეფობასა შინა თვისსა მშვიდობით და უშფოთველად; აღაშენა ამან თვისსა ქალაქი ბაკურციხე კახეთსა შინა მახლობელ ქიზიყსა. ბაკურციხე ეგო მრავალ წელს ჩინებულ ქალაქად; ხოლო უკანასკნელ დაირღვა და იქმნა დაბად, რომელიცა ჟამად ამადმდე არს დაბად” /ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. 1976წ. წიგნი I გვ. 273./

    ამავე აზრს უკავშირდება სოფელში გავრცელებული ამბავი, რომელსაც სოფლის მკვიდრი სოსო ლუაშვილი /78წლის/ ჰყვება: “უწინდელ დროში ყოფილა ძლიერი მეფე ბაკური. მას კარგი დამოკიდებულება ჰქონია სპარსეთის მეფესთან. მეფე ბაკური გაქრისტიანებულა. ეს გაუგია სპარსეთის მეფეს და ძლიერ განრისხებულა. მეფე ბაკური შეფიქრიანებულა და ქვეყნის დასაცავად ციხეების მშენებლობა დაუწყია. ერთ-ერთი ასეთი ციხე ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე აუშენებია, რომლისთვისაც მის პატივსაცემად ბაკურის ციხე შეურქმევიათ.”
    წიგნში საქართველოს მეფეები ვკითხულობთ: “ბაკურ I ქართლის /იბერიის/ მეფე III ს-ის II ნახევარში. ”მეფეთა ცხოვრებისა” და “მოქცევაი ქართლისაი”-ის მიხედვით ქართლის მეფის ვაჩეს ძე.” /რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს მეფეები. 2000წ. გვ. 30/
     “ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში” ვკითხულობთ: “ბაკურციხეში აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი, სამაროვანი და გორასამარხი /”გორა მიწა”/. ბაკურციხის განძის შემადგენლობაში იყო: ბოლოკვეთილი მახვილები, კახური სატევრები, საწვივე რგოლები, სატეხები, ცენტრ-ამიერკავკასიის ცულები და სხვა. განძი აღმოჩენილია ბაკურციხესა და კარდენახს შორის “გორამიწაზე”. საძიებო გათხრებისას გორასამარხზე ნაპოვნია შუა ბრინჯაოს ხანის შავ- პრიალა კერამიკის  ფრაგმენტები. აგრეთვე გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სტილიზებული ნამგლის პირი. სოფლის თავში აღმოჩენილია ძვ. წ. აღ-ის I ათასწლეულის I ნახევრის ორმოსამარხები. მიცვალებულები იწვნენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში იყო ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ორნამენტირებული ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაულები.”/ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ 2 თბილისი 1977წ. გვ 162/
   ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ბაკურციხე ჩვ.წ. აღ-მდე უკვე არსებობდა: ამ ფაქტების ანალიზზე დაყრდნობით ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არსებობდა ჩვ. წ. აღ-მდე III ათქსწლეულში, მაგრამ ბუნებრივი პირობების შეცვლის თუ ჟამთა სიავის გამო ხალხი ან გადასახლდა ამ ადგილიდან ან ამოწყდა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანების მეორედ დასახლება მოხდა ჩვ. წ. აღ-ის III ათასწლეულის II ნახევარში; ან შეიძლება ძვ. წ. აღ-ის III ათასწლეულიდან კი ცხოვრობდა ხალხი, მაგრამ დასახლებულ პუნქტს სხვა სახელი ერქვა, შემდეგ ბაკურ მეფის პატივსაცემად შეეცვალა სახელი და ბაკურციხე დაერქვა.
  არის ერთი გარემოებაც: “გორა მიწა” და ციხის ტერიტორია ერთმანეთთან დაახლოვებით 3-4 კმ-ითაა დაშორებული. დაახლოვებით იგივე მანძილითაა დაშორებული სოფლის ცენტრები /მაგ:ბაკურციხე და კოლაგი/, ამიტომ შეიძლება ორივეგან იყო დასახლებული პუნქტები, რომლებიც სხვადასხვა სახელწოდებას ატარებდა, ამათგან “გორა მიწა” უფრო ძველია.
   სოფელი ბაკურციხე შემდეგშიც მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. ივ.ჯავახიშვილი წერს: “ჟამთააღმწერელის ცნობით, მთელი საქართველო მონღოლებს სულ რვა დუმნად დაუყვიათ: აღმოსავლეთიდან რომ დავიწყოთ, პირველ დუმნად შამახიის მთებიდან მოყოლებული ტფილისამდე გადაჭიმული მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე მთელი ფართობის-ჰერეთის, კახეთისა და კამბეჩიანის თემების სპა გამოუყვანიათ,“ ამ დუმნის უფროსად მათ ეგრასლან ბაკურციხელი დანიშნეს. ეგრასლან ბაკურციხელი, მემატიანეს თქმით, ყოფილა კაცი „არა საქონლისა პატრონი“ ანუ მას არავითარი ქონება; მამულ-დედული არა ჰქონია. სამაგიეროდ ყოფილა ჭკვიანი და სამხედრო საქმის კარგი მცოდნე. დროთა ვითარებაში ისე განდიდებულა, რომ მეფის ტახტსაც კი წაჰპოტინებია. /ივ. ჯავაზიშვილი. ქარველი ერის ისტორია. თბილისი. 1941წ. გვ. 41-44. 46/
    ვინ იყო ეგრასლან ბაკურციხელი? ძველი ქართველი მოღვაწეები ხშირად ატარებდნენ წარმოშობის ადგილის მიხედვით ნაწარმოებ გვარს. მაგ;რუსთაველი, იყალთოელი, თბილელი, თმოგველი... ასეა წარმოებული ბაკურციხელიც. რადგანაც XIII საუკუნის გამოჩენილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ატარებს  სოფლის სახელწოდებიდან წარმოქმნილ გვარს, ეს ფაქტი მიგვანიშნებს ბაკურციხის დაწინაურებაზე შუა საუკუნეებში.
   ბაკურის ციხე ოთხსართულიანი ყოფილა, მას გარშემო გალავანიც ჰქონია, რომელიც დანგრეულა და ახლა აღარ არსებობს. ციხე ჩალაუბნის ხევის პირას შემაღლებულ ადგილზეა აგებული. იგი საიდუმლო გვირაბით ყოფილა დაკავშირებული ხევთან და მეზობელი სოფლის ვეჯინის ციხე-სიმაგრესთან.    
  წინათ სოფელი ბაკურის ციხის გარშემო ყოფილა გაშენებული. 1912 წელს, როდესაც ბარჯისხევში რკინიგზის მშენებლობა დაუწყიათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი რკინიგზის პირებზე გადასულა საცხოვრებლად.
   რკინიგზის გაყვანის შემდეგ სოფლის ბოლოზე დაიწყეს საავტომობილო გზის მშენებლობა. ეს არის დღევანდელი წნორი-თელავის მაგისტრალი, ხალხის უმრავლესობა ქვევით ჩამოსახლდა და გზის ორივე ნაპირზე დასახლდა, მაგრამ ყველამ ვერ დათმო მამა-პაპეული ფუძე. მას შემდეგ სოფელი ორად გაიყო; ზემო და ქვემო ბაკურციხედ.
   დღესაც ციხის ზევითა ტერიტორიას ზემო ბაკურციხე, ხოლო ციხის ქვევით დასახლებას-ქვემო ბაკურციხე ჰქვია.

სოფელი ბაკურციხე-ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ - ambula 063.jpg

სოფელი ბაკურციხე-ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ - ambula 054.jpg



       ბაკურციხეში ყოველი მიწის ნაწილი თავისებური ისტორიის მქონეა:
„გორიელები“, „ნახიზნარი“, „ინაბოძი“, „დამპალა“, „უძირო“, „ჩალები“, „ურო“, „ბუიღელე“, „ოლე“, „გომართი“, „ყურე“, „პიცუნდა“, „ყურყურა“ “კოდა“, „ხილაბანდა“,  „ბამბამკორომი“, „უკვდავისეული“, „ლაბაშა გუბე“
„თვალწყალი“, „დიდშარა“, „შათირიშვილისეული“, „ახოები“, „გრძელები“ „ნიკუტას ახო“, „ბარჯისხევი“, „ჩალაუბნის ხევი“, „ფიქრის გორა“. „პაპუნას წყალი“.-ასე ჰქვია ბაკურციხის ადგილებს, რატომ?- ამაზე სოფლის უხუცესები მოგვითხრობენ.
   გორიელები - მას გორამიწასაც ეძახიან. გადმოცემით ეს ადგილი ჩვეულებრივი ვაკე ყოფილა. თამარ მეფის ლაშქარს აქ ფეხები დაუფხეკია და წანაფხეკი მიწისაგან გორა დამდგარა.
    1980 წელს გორიელებზე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ სამარხები, რომლებიც ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. ამის შესახებ ცნობები მოცემულია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. /1977წ. ტომი II გვ 162/   
    ნახიზნარი – იგი სოფლის სამხრეთით ჩალაუბნის ხევის მარცხენა მხარეს ტყიანი ადგილია. შიშიანობის დროს მოსახლეობა ამ ტყეში იხიზნებოდა თავის გადასარჩენად. ხალხს იქ ეკლესიაც აუშენებია წმინდა გიორგის სახელობისა. არის გამოთხრილი ადგილები /ქვაბულების ფუნქციას ასრულებდა/, პატარ-პატარა ნანგრევები.
    ინაბოძი – არის სოფლის ბაღ-ვენახების ბოლოს, ალაზნის გაღმა. აქ პატარა წყალი ჩამოდის-ნინოს წყალი. ჩვენში ქრისტიანობის გავრცელებისას აქ მოსულა წმინდა ნინო. ნინოს აქ ჩაუგდია ხის ბოძი, რომელზეც ხის ჯვარი
ყოფილა გამოსახული. ხალხს მისთვის „ნინას ბოძი“ შეურქმევია. დროთა განმავლობაში დაიკარგა თავკიდური ნ და ნათესაობითი ბრუნვის ნიშანის თანხმოვნითი ნაწილი /ს/ და მივიღეთ ინაბოძი.
        დამპალა – ამ ადგილზე მიწა მეტისმეტად ტენიანია; ადრე აქ ჭაობი ყოფილა, რასაც რგავდნენ ყველაფერი ლპებოდა, ფუჭდებოდა. შემდეგ გაკეთდა საწრეტი არხები, ნიადაგი სახნავ-სათესად ვარგისიანი გახდა.
     უძირო – დამპალასთან ახლოსაა, ალაზნის არხის ქვევით. ძალზედ ჩაღრმავებული ადგილია. ამოდის სუფთა კამკამა წყალი. ამ ადგილას წყლის დასალევად მისული საქონელი ხშირად ვარდებოდა შიგ და სწრაფად იძირებოდა.
     ჩალები – ტენიანი, გაუვალი ჩალიანი ადგილი იყო. აქაც გააკეთეს საწრეტი არხები. მიწა საოცრად ნოყიერი აღმოჩნდა სავენახედ. ამ ადგილის ზემოთა ნაწილს წარაფი უწოდეს /”წარაფი” ეკალ-ბარდებით დაფა-
რულს ნაშნავს/, ქვემოთას კი- ჩალები.
     ურო – ურო ბალახიანი ადგილი იყო /ეს არის ერთგვარი წვრილღეროიანი, უხეში ბალახი. მას საქონელიც კი არ ჭამს/
     ოლე – ამ ადგილას ამოდის პატარა წყალი. ხალხი მას ოლეს ეძახის. მლაშობი ადგილია, მწირი ნიადაგი.
     ყურე – სოფლის ბაღ-ვენახების ბოლოში ალაზანი რკალივით მოდინება. მდინარის კალაპოტი იმდენად არის მოხრილი, რომ ყურის ფორმა აქვს იმ ადგილს. იქ ეკლესიაც ყოფილა, მაგრამ 1949 წელს კომუნისტებს დაუნგრევიათ.
     კოდა – ამოდის მიწიდან წყალი ზუსტად ვერხვის ძირთან. ვერხვის ხე გადაუჭრიათ, მოუკოდიათ. შიგ წყალი დგება და ხალხი სასმელად  აქედან იღებს წყალს.
       ბამბამკორომი – ამ ადგილას ძველად ბამბა ითესებოდა. ადგილი დიდია- 86 ჰექტარი, ამიტომ პატარ-პატარა ადგილებად, კორომებად იყოფოდა თესვისას. აქედან მივიღეთ ეს ტოპონიმი.
     უკვდავისეული – სოფელში ცხოვრობდა დიდი მამულების მფლობელი კაცი, ზაქარია ბეჟაშვილი, რომელმაც 105 წელი იცოცხლა. ბავშვობაში ავად გამხდარა. მისი გადარჩენის იმედი დაუკარგავთ. ჰგონებიათ მოკვდა და დაკრძალვის დღეც დაუნიშნავთ. მაგრამ შემდეგ გამოჯამრთელებულა. ხალხმა მას უკვდავი  შერქვა. მისი მამული დღეს სხვათა კუთვნილებაა, მაგრამ ამ ადგილებს მაინც უკვდავისეულს ეძახიან.
      თვალწყალი – სათვალიო, ლამაზი ადგილია კოლაგისა და ბაკურციხის მიჯნაზე. მუშაობის შემდეგ ორივე სოფლის ხალხი აქ იყრის თავს დასასვენებლად, რომ “თვალს წყალი დაალევინონ”.
      დიდშარა - /ანუ დიდი შარა/ გადის ალაზნის არხის ძირზე,შარაგზაა, იგი აკავშირებს ახმეტას წნორთან. აქ გადიოდა ძველად აბრეშუმის დიდი გზა. სწორედ ამიტომ ერქვა მას დიდი შარა /დიდშარა/.  
     შათირიშვილისეული – ყოფილი საცდელი ნაკვეთი. იგი შეიქმნა 1955 წელს. მისი პირველი დირექტორი იყო აგრონომი ნიკო შათირიშვილი. იგი თითქმის სიკვდილამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე, ამიტომ ჰქვია ამ ადგილს შათირიშვილისეული. მისი სახლიც ამ ნაკვეთის მიჯნაზე იდგა. მისი ხელმძღვანელობით გამოჰყავდათ ვაზისა და ხილის სხვადასხვა ჯიშები.
     პიცუნდა – მოდის დაბურღული წყალი. ირგვლივ დიდი ალვის ხეებია. მათ ჩრდიქვეშ გაკეთებული გრძელი ფარდული. დაღლილი ხალხი აქ ისვენებდა, ქეიფობდა,შეკრებებს ატარებდა. ქედან მოდის მისი სახელწოდე-
ბაც.
  ლაბაშა გუბე – აქა იქ ვეებერთელა გუბეები ყოფილა, ლაბა ხარები აქ სვამდნენ წყალს. /”ლაბა”- ძალიან დიდს ნიშნავს/.
    ბუიღელე – სოფლის აღმოსავლეთ ნაწილშია. აქ ხალხი არ ცხოვრობდა. ადგილი ბუებითა და ღამურებით ყოფილა სავსე. დღეს ეს ადგილი დასახლებულია.
    გომართი – სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია. აქ არის სოფლის სასაფლაო. გადმოცემით, ერთ ოჯახს ჰყოლია ხარი. ის შესულა ეკლესიაში./ამჟამად ის ეკლესია აღარ არის/ და ხატი რქაზე წამოუცვია. ხატი ვერაფრით მოუცილებიათ ხარის რქიდან. ბოლოს ხეზე მიუბამთ და ხატი ჩამოუხსნიათ. ბრძენის რჩევით ხარის პატრონის საგვარეულოს ეკლესია აუშენებიათ და ხატი იქ დაუბრძანებიათ. /ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა/. ხალხი ამ ადგილის ამშენებლის პატივსაცემად /ვინმეგომართელის/ გომართს ეძახის. სულთმომფინობის დღეს აქ სოფლის დღეობა გომართობა იმართება ხოლმე. 
   გრძელები – ზემო ბაკურციხეში ვიწრო და გრძელი ტერიტორიაა.
   ნიკუტას ახო – ტყიანი დაუმუშავებელი ადგილი კოლაგის მხარეს.გვერდზე ჩამოუდის ღელე. იგი თავად ნიკას ეკუთვნოდა. მას მოფერებითნიკიტას /ნიკუტასაც/ ეძახდნენ.
   ბარჯისხევი – აქ ყოფილა ბარდები, გვერდით კი ხევი ჩამოდიოდა. ბარდისხევი – ბარჯისხევი. დღეს აქ სატრანსპორტო მაგისტრალი გადის.

სოფელი ბაკურციხე-ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ - ambula 038.jpg


  ყურყურა – ბარჯისხევში მომდინარე წყალია /ცივი და გემრიელი/ერთხელ სოფელში მოსულ სტუმარს დაულევია და უთქვამს: რა რუყრუყით ჩავიდა ეს დალოცვილიო. მას შემდეგ დაერქვა ყურყურა /ბგერათა მონაცვლეობით მივიღეთ ყურყურა/.
    ფიოქრის გორა – სოფლის ცენტრში შემაღლებულ ადგილას ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და ’’ფიქრობდნენ’’.
    ჩალაუბნის ხევი – სოფლის შუაში ჩამოდის. ეს ხევი ჩალაუბნიდან იღებს სათავეს ხევში წყალი ძირითადად წვიმის დროს მოდის. ადრე ისეთი ადიდება  სცოდნია, რომ ლოდები,ვეებერთელა ხეები მოჰქონდა.
    პაპუნას წყალი - რკინიგზის ქვევით  გვირაბში გამოდის სუფთა ცივი წყალი, რომელიც აღმოაჩინა ვინმე პაპუნამ.
     

სოფელი ბაკურციხე-ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ - ambula 039.jpg

Comments:

gamarjoba nino.
mec bakurcixeli var warmoshobit giorgi darchiashvili

barja qartuli sityvaa da aris ertgvari satevzao sashualeba. xis joxze camocmuli litonis gagunuli nacheri. dabal cyalshi satevzaod gamoiyeneboda. simartle gitxra ar vici zustad rogor tevzaobdnen magit magram rac davwere es zustad vici. mtashi vnaxe pirvelad barja fashavshi, magram Segizlia qartul sityvata ganmartebit leqsikonshic naxo iqac igive ceria.

savaraudod barjisxevic aqedan modis.

aq ishviatad var xolme shegizlia klasnikebze momcero giorgi darchiashvili 23 clis Tbilisi (suratshi sigarets vukideb :-D )

karg saqmes aketeb chvens sofelze amdens rom cer. imedia momcer zalian mainteresebs zogierti sakitxi
Posted by giorgigiorgi at 2012-04-16 19:44