LeMill
Edit, tips for use and more...
MultimediaMaterial

წაღვერის ბუნებრივი რესურსები

by მამუკა ჩადუნელი — last modified 2011-01-08 10:55

დაბა წაღვერის ბუნებრივი რესურსებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მდინარე გუჯარულას უკავია, რომლის სიგრძე 39 კმ-ია. იგი სათავეს იღებს გვირგვინასა და ციხისჯვრის, უფრო ზუსტად, ცხრაწყაროს ქედთა შესართავთან. საერთოდ, დასავლეთისაკენ მიედინება და მტკვარს ბორჯომთან შეერთვის. გუჯარეთის წყალს წაღვერთან, მარცხენა მხრიდან, ერთვის ბაკურიანის (ცემის) წყალი; ცოტა ზემოდ კი  __  მიტარბის წყალი.
როდესაც წაღვერის ბუნებრივ რესურსებს მიმოვიხილავთ, არ შეიძლება, უმნიშვნელოვანესი ადგილი, ტყეს არ მივაკუთვნოთ. ტყე -  გარს არტყია წაღვერსა და მის მიმდებარე სოფლებს. დაბა წაღვერის ტყის ფართო მასივიდან გამოვყოფთ: ,,მარიჯანისა“ და  ,,არჯევანიძის“  სახელობის ტყეებს. ტყეთა ეს დასახელებები შემთხვევითობას არ წარმოადგენს. ,,მარიჯანის“ ტყის სახელწოდება, ცნობილ ქართველ პოეტს, მარიჯანს უკავშირდება. სწორედ, მისი აგარაკის განთავსების გამო, დაერქვა ტყეს ეს სახელი. ეს სახლი მრავალ გამოჩენილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს მასპინძლობდა. აქ ისვენებდნენ ლადო ასათიანი და იოსებ გრიშაშვილი, მათი ულამაზესი პოეზიის ნაწილი სწორედ,  მარიჯანის უჩვეულო აგარაკზეა შექმნილი. ამავე ტყეშია --  ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის, ყოფილი აგარაკი, სადაც დაუწერია, განსაკუთრებული,  ოპერა - ,,დაისი.“       
მარიჯანი, საკუთარი აგარაკის აივნიდან დანახულ ,,შემოდგომის წაღვერს“ ასე ხედავდა:
        ლალით და ქარვით აჭრელდა მთები,
        წაღვერის მთები შემოგარსული;
        აქ სამშობლო ჩემი რითმების,
        ფოთლის შრიალში მესმის წარსული.
            აქ ყოველივე მიმაჩნდა განძად:
            ნაძვები, ვეძა, ჩუმი ბუნება,
            ცხოვრების გზები აქ გამეკვანძა
            და აქ ვეძებდი მზით განკურნებას.
        კვლავ მოგონება მოვა და წავა,
        შეხეთ ამ სივრცეს! დაღვრილა ლილა,
        ლამაზ ქალივით მზემ დაიმკლავა
        და ღრუბლეს ავლებს ცის თასში ფრთხილად.
            რა მსუბუქია წაღვერის დილა,
            ბავშვურ ხალისით მზეს ვეღიმები,
            და მოგონებაც ისე გაშლილა,
            როგორც ტყის პირად ჯოგი ირმების.

ფართო მასივზეა გადაჭიმული ,,არჯევანიძის“ ტყე. ამ ტერიტორიაზე, გლეხთა ომის შემდეგ, 1910 წელს, სკოლის გახსნა მოხდა, მასწავლებლის, არჯევანიძის მიერ. აი, რით განისაზღვრა ამ ტყის სახელწოდება. ამ ტყეში, უამრავი, სახელოვანი ადამიანის აგარაკი მდებარეობს.
P.S.  რადგან კონკურსის სახელწოდებაა „ჩემი გარემო“, აქედან გამომდინარე, უფლება არ გვაქვს გვერდი ავუაროთ თვით წაღვერს, როგორც  რეკრიაციულ რესურსს.
წაღვერი, როგორც სამთო -  კლიმატური კურორტი, უაღრესად ხელსაყრელის ფილტვების სნეულებით ავადმყოფთა მკურნალობისათვის.
თუ გავითვალისწინებთ  ერთ მნიშვნელოვან გარემოებას – ნახშირმჟავა - რკინის წყლის  არსებობას და ამ კურორტით, როგორც იმავე დროს ბალნეოლოგიური კურორტით სარგებლობის შესაძლებლობას, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ წაღვერში უმჯობესია გაიგზავნონ სუნთქვის ორგანოების არატუპერკულოზური სნეულებით დაავადებული ავადმყოფები.
წაღვერში შეიძლება იმკურნალონ ავადმყოფებმა, რომლებიც შეპყრობილნი არიან  ქრონიკული ბრონქიტით, ფილტვების ემფიზემით, ბრონქიალური ასთმით, სხვადასხვა წარმოშობის პნევმოკონიოზებით, მეორადი წარმოშობის სისხლნაკლულობით, ნევრასთენიით ავადმყოფებმა და გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ გამოჯანსაღების პერიოდში მყოფმა პირებმა.
ვინაიდან წაღვერში არსებობს საუცხოო ნახშირმჟავა - ჰიდროკარბონატული - რკინის წყლები, აქ მკურნალობით შეუძლიათ ისარგებლონ ავადმყოფებმა, რომლებიც დაავადებულები არიან საჭმლის მომლებელი ორგანოების (ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი)  ღვიძლისა და ნაღვლის გზების სნეულებით.
წაღვერის მინერალური წყალი აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ადიდებს მჟავიანობასა და კარგად მოქმედებს გასტრიტზე. კიდევ უფრო ადრე დამტკიცებული იყო, რომ წაღვერის „მჟავე წყლის“ სისტემატური მიღება აძლიერებს ჟანგვით პროცესებს ორგანიზმში.
წაღვერში მყოფ ავადმყოფებზე წარმოებულ კლინიკურ  დაკვირვებათა საფუძველზე გამოირკვა რომ ამ კურორტის კლიმატური ფაქტორებისა და რკინის წყლის გავლენა სისხლის    შემადგენლობაზე დადებითია უკლებლივ ყველა შემთხვევაში: სისხლის წითელი ბურთულების რაოდენობა მატულობს უმრავლეს შემთხვევაში, ხოლო ჰემოგლობინის რაოდენობა --- ყოველთვის.
წაღვერის ტერიტორიაზე მდებარეობს დასასვენებელი სახლი „კეჩხობი“. ზღვის დონიდან 1050მ,  ყველაზე ლამაზ და საღ ადგილას,  მთის ფერდობებზე,  რომელიც გარს არტყია ქვაბულს და მთლიანად დაფარულია ასწლოვანი ფიჭვნარით. ამდენად არის ის, განსაკუთრებულად, გამორჩეული ადგილი წიწვნარში, ფილტვების სნეულებების დროს. არის დედათა და ბავშვთა დასასვენებელი სახლი, რკინიგზის სადგურთან ახლოს, რომლი მთელ ტერიტორიას ტყე ესაზღვრება.


დაბა წაღვერის ბუნებრივი რესურსებიდან არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ მის მინერალურ, ,,მჟავე“  წყლებზე, რომლებიც წაღვერის ულამაზეს პეიზაჟს ავსებენ და ამდიდრებენ. სწორედ, ამ წყლების სამკურნალო და საგემოვნო თვისებები იზიდავს, მრავალ, უცხოელ თუ ქართველ დამსვენებელს. მნიშვნელოვანია მორაკრაკე, ანკარა წყაროები, რომლებიც სისუფთავითა და შედგენილობით საკმაოდ ფართო რესურსს    წარმოადგენენს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე დამსვენებელთათვის.
   
მონაცემები წაღვერის  მინერალური წყლის
საბადოს შესახებ
           
წაღვერის ნახშიროჟანგიანი მინერალური წყლის საბადო მდებარეობს აჭარა - თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალურ ამოწეულ ნაწილში. ის დაკავშირებულია წაღვერის ანტიკლინის სამხრეთი ფრთის შუა ეოცენის ვულკანოგენ - დანალექი წყების ტუფებთანა და ტუფობრექჩიებთან.
საბადოს ფარგლებში, გარდიგადმო კვეთში, წაღვერის ანტიკლინი ასიმეტრულია. ჩრდილოეთი ფრთა დაქანებულია 40-60 გრადუსით, სამხრეთი 30-35 გრადუსით. წაღვერის საბადოს ფარგლებში ამჟამად ფუნქციონირებს ექვსი ჭაბურღილი, რომლებიც იძლევიან თვითდენით ნახშიროჟანგიან მინერალურ წყალს. რადგან მოხმარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია №10 და №13 ჭაბურღილები, ამიტომ შევჩერდეთ მათ დახასიათებაზე (გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, ქიმიური შემადგენლობა.)
ჭაბურღილი №10. სიმაღლე 26 მ. გაყვანილია 1933-34 წ.წ. მჟავე წყლების მეორე / შუა / ხეობაში. ჭაბურღილის გეოლოგიური ჭრილი წარმოადგენილია შუა ეოცენის ტუფებით და ტუფობრექჩიებით. მინერალური წყლის დებიტი შეადგენს 21 მ3 / დღ. ღ.. ტემპერარურა 10 გრადუსია წყალი ნახშიროჟანგიანია ჰიდროკარონატული მაგნიუმ  - კალციუმ - ნატრიუმიანია, საერთო მინერალიზაციით  4.8 გ/ლ
ჭაბურღილი №13. სიმაღლე 501 მ. გაყვანილია 1954-58 წ.წ. მჟავე წყლების პირველ ხეობაში. პარკში შესასვლელთან.
№13 ჭაბურღილის მინერალურო წყლის დებიტი შეადგენს 0.6 მ3/დღ.ღ...ტემპერატურა 10 გრადუსია. წყალი ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარონატული მაგნიუმ - კალციუმ - ნატრიუმიანია, საერთო მინერალიზაციით 3.2 გ/ლ.

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - cemi1.png

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - cemi2.png

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - cemi3.png

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - 26112008(003).jpg

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - 26112008(007).jpg

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - dsc01433.jpg

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - dsc01364.jpg

წაღვერის ბუნებრივი რესურსები - წაღვერის  - img_3454.jpg

Creative Commons License