cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

gegma-nana

by Merab Tvalavadze — last modified 2011-01-09 02:40 Share


1. გაკვეთილის თემა

ოქროსფერი შემოდგომა

2. სწავლების საფეხური და კლასი

მესამე კლასი - დაწყებითი

3. ინტეგრირებული საგნები 

მასწავლებლების სახელი, გვარი

საგნები

მასწავლებლ ( ებ ) ის სახელი, გვარი

მუსიკა

ქართული ენა და ლიტერატურა

ბუნება

სახვითი და

გამოყენებითი ხელოვნება

 

ნანა ხვედელიძე

მაყვალა მიქიაშვილი

 

მაყვალა მიქიაშვილი

მაყვალა მიქიაშვილი

 

 

 

მოსწავლეთა რაოდენობა

17 მოსწავლე

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

ასეთი ბავშვები არ გვყავს

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნების მიხედვით)

1. მუსიკა-მუსიკის მოსმენის, აღქმის, ანალიზის, დიალოგის, მსჯელობის, წარმოსახვის, საკუთარი აზრის დასაბუთების, სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის გამოხატვის, ინფორმაციული ცოდნის გაღრმავების, ტემბრის აღქმის და ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება.

2. ქართული ენა და ლიტერატურა-ტექსტის აღქმა, აზროვნებისა და მეტყველების განვითარება, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება, ნარკვევის დაკავშირება ილუსტრაციასთან; ლიტერატურულ, ფერწერულ დ მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება. ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ლიტერატურის, ფერწერის, მუსიკის) ინტეგრირებული აღქმა. შემოდგომაზე შრომა-საქმიანობის გაცნობა, მოვლენის აღწერა.

3. სახვითი  და გამოყენებითი ხელოვნება-ფერის გმომსახველობითი შესაძლებლობების გაცნობა; შემოდგომის თემაზე შექმნილ ნამუშევრებში დაკვირვებულობის, შემოქმედობითობის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება.

4. ბუნება - წინსმწრები გაკვეთილებიდან ბუნება გარემოზე დაკვირვება; (როგორც საკუთარი შეგრძნების ორგანოების ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით) ბუნებრივი პროცესების ამოცნობა და აღწერა; მონაცემების შეგროვება დაკვირვების საინფორმაციო წყაროების გამოყენებით და პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა; გარემოზე ზრუნვა; უსაფრთხოების წესების დაცვა.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

მუსიკა

მუს. 3 (2) მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან შეთანხმებულად.

მუს. 3 (6) მოსწავლე ორგანიზებას უწევს საკუთარ სასწავლო საქმინაობას.

მუს   3  (7) მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა.

მუს  3   (8) მოსწავლე უსმენს და დამოკიდებულებას გამოხატავს მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.

მუს   3    (11) მოსწავლე პატივისცემით ეკიდება სხვის შემოქმედებას და აზრს.

მუს 3  (12) მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს რომ ხელოვნება იდეათა გამოხატვის საშუალებაა.

მუს 3 (13) მოსწავლე იცნობს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებს.

მუს.3 (14)  მოსწავლე აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან მოსმენილ ნაწარმოებს .

ქართული ენა და ლიტერატურა

(1)       მოსწავლე მოსმენით ამოიცნობს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს; ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს სამეტყველო ქცევას.

(2)      მოსწავლე ისმენს  ლიტერატურულ ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.

(6) მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას

(10) მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს; გასაგებად აყალიბებს აზრს.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ს.გ. 3 (3) მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის არსებულ კავშირებს და ასახავს ნამუშევრებში.

ს.გ 3 (4) მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის ზეგავლენით წარმოშობილ იდეებს ნამუშევრებში.

ს.გ 3 (8) მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება არის გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის საშუალება.

ს.გ 3 (12) მოსწავლე აკავშირებს ნაწარმოების შინაარსს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.

ბუნება

ბუნ. 3 (7) მოსწავლე ორიენტირებს ლოკალურ გარემოში.

ბუნ. 3 (9) მოსწავლე აღწევს ზოგიერთ გეოგრაფიულ გარემოს.

ბუნ. 3 (10) მოსწავლე იკვლევს ბუნებრივი მოვლენის მრავალფეროვნებას.

ისტ

4. ახდენს ინფორმაციის მოპოვებასა და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის, მშობლის დახმარებით

 

8. თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

I აქტივობა (5 წთ)

გაკვეთილი იწყება სიმღერით ბალადა ვაზზე (მუსიკა რ. ლაღიძის) ამ სიმღერით ბავშვები კარგად განეწყობიან გაკვეთილისათვის. შემდეგ ბავშვები წაიკითხავენ საშინაო დავალებად მიცემულ შექმნილ ნარკვევებს და გაეცნობიან საკუთარი ხელით შესრულებულ ნახატებს შემოდგომის თემაზე. ამ ნამუშევრებიდან ვგებულობთ-როგორ გაატარეს ერთი დღე სოფლად ან ქალაქგარეთ და რა შთაბეჭდილებები დაუგროვდათ. მოხდება ამ შთაბეჭდილებების გაზიარება (მაგ: რთველი, კაკლის ბერტყვა, სიმინდის ტეხვა, ტყეში გასეირნება, დაკვირვება ამინდზე). მასწავლებელი ბავშვებს შეახსენებს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციები, შესწავლილი თუ მოძიებული ლექსები, მოთხრობები, რაც შემოდგომას ეხება, ასევე დამზადებული აპლიკაციები, ფოტოები-სრულდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ და მათთან ზიარებით და შეხვედრით კვლავ გაიხარებენ და შემოდგომას გაითავისებენ.აქვე ბავშვები წაიკითხავენ მოძიებულ ანდაზებს:

1.       წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო.

2.       ხილმა თქვა: პირი რომ მქონდეს, ჩემს თავს შევჭამდიო.

3.       გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.

4.       დროზე მთესველი, დროზე მოიმკისო.

5.       სადაც არ გიხნავს, იქ ვერ მოიმკიო.

6.       უხნავ-უთესი კაცი ღმერთს ემდუროდაო

7.       შემოდგომის ბუზი მწარედ იკბინებაო

8.       ყურძნის სიყვარულით, ღობეს კოცნიდნენო

9.       კარგი თესლი კარგი მოვლით, კარგ მიწაში არ დალპებაო

10.    სადაც არ გიხნავს იქ ვერ მოიმკიო

11.    უხეირო გუთნისდედა მეხრეებს ემუქრებოდაო

12.    ვენახიანი კაცი არ დაიწუნებაო

13.    ლუკმა მაშინაა კარგი, როცა ოფლითაა ნაშოვნი

 

II აქტივობა (3 წთ)

    მასწავლებელი კითხულობს ნაწყვეტს რ.ბარკალაიას ლექსიდან ”შემოდგომისას” .

                                ”ზაფხული სადღაც  ჩუმად  წავიდა 

                                მაშვრალ დღეების ბრუნვა-თამაშით

                                და ახლა, ნადის ნაცვლად ქარი და

                               ოცნება მღერის ბაბუს ყანაში. . .”

-          წელიწადის რომელი დრო დამდგარა?

-          გაიხსენეთ შემოდგომის თვეები.

-          რომელიმე თქვენგანმა შესაძლოა, ლექსიც შეისწავლა შემოდგომის თემაზე,

ვინ წაიკითხავთ ლექსებს?

      ბავშვები ხალისით კითხულობენ მოძიებულ სხვადასხვა ავტორის ლექსებს:

            1.შეჰყვითლებია ბაღში ხეხილებს

               მწვანე სამოსი და ძოწეული.

               რა სურნელება დგას მწიფე კომშის,

               რა ატმებია, რა ბროწეული!

                                   ხვავი-ბარაქა  ჩადგა ყანებში,

                                   ყურძენი  ატკბობს სურვილს და ნდომას.

                                   რა შეედრება თავის სიუხვით

                                    ქართლის  ბაღებს და შემოდგომას.

                                                                                                           /პ. რურუა/

                 

  

 

           2. ყურძენი დამწიფებულა,

               დახე, როგორ წითლად   ღუის,

               ჩქარა, ჩქარა რთველი, თორემ

               კოღო ბუზი თავს დაჰბზუის.

                           შეიკრიბნენ მკრეფავები,

                           ამოუდგნენ თითო    ვაზსა.

                            ყურძენს სვლეპენ, იცინიან

                             და მოაბეს მხარი მხარსა.

              საურმეზე  გოდრები დგას,

             კალათს სცლიან ზედიზედა,

              აბა, ბიჭო, მარნისაკენ,

             თორემ ძლიერ გაიჭედა.

/რ.ერისთავი/

 

       3.გლეხის ნასრომით ავსილა

          ქვევრი, გოდორი,კალათა.

         დახლებზე დახვავებულა

         ქართული მიწის ბარაქა.

 

 

       აქვე გაიმღერება შესწავლილი  სიმღერა ”შემოდგომა” (მუსიკა თ. შავერზაშვილის,ტექსტი ლ.მეგრელაძის)

  

      III აქტივობა   (10 წთ)

   ბავშვებს ეძლევათ არჩევანი  ჯგუფებში იმუშაონ. კლასი იყოფა სამ ჯგუფად შეირჩევა  ჯგუფების  დასახელება  შემოდგომის  თვეების   თანამედროვე, ძველქართული და  ხალხური  სახელწოდების შესაბამისად: თვეთა სახელწოდებანი დაიწერეება დაფაზე.

                      

რომაული

ძველქართული

ხალხური

სექტემბერი

ახალწლისა

ენკენისთვე

ოქტომბერი

სთვლისა

ღვინობისთვე

ნოემბერი

ტირისკონი

გიორგობისთვე

(ჭინკობისთვე)

 

   თითოეული   ჯგუფი  აღნიშნავს  თვის   ღირშესანიშნავ    დღეებს,  რომლის მოძიებაში მათ დაიხმარეს უფროსები (მშობლები, ბებია-ბაბუები)

               10 სექტემბერი-წმ.მოწამისა შუშანიკისა

               26  სექტემბერი-წმ.დიდმოწამე ქეთევანისა

               26 სექტემბერი - ღვთისმშობლის შობა

               27 სექტემბერი- ჯვართამაღლება

               28 სექტემბერი- ალავერდობა

               14 ოქტომბერი-მცხეთობა

               15 ოქტომბერი-დიდმოწამე დავით და კონსტანტინესი

               18 ოქტომბერი- ღირსი გრიგოლ ხანძთელისა

               23 ნოემბერი-გიორგობა

       სექტემბრის თვეში დაიბადნენ: კომპოზიტორი- ალექსი მაჭავარიანო,მეცნიერი-პეტრე ბაგრატიონი, კომპოზიტორი,საქართველოს პირველი ჰიმნის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი, პიანისტი ელისო ვირსალაძე

მსახიობი-სესილია თაყაიშვილი, პოეტი ჯანსუღ  ჩარკვიანი, ქუთაისელი პოეტი-ზურაბ  კუხიანიძე.

        ოქტომბრის  თვეში დაიბადნენ: დირიჟორი-ივანე ფალიაშვილი, მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, თეატის მხატვარი, ჩვენი თანაქალაქელი-პეტრე ოცხელი, პედაგოგი-იაკობ  გოგებაშვილი.

         ნოემბერის თვეში დაიბადნენ: მწერალი,   საზოგადო  მოღვაწე-სულხან-საბა  ორბელიანი, პოეტი- მურმან  ლებანიძე,  პოეტი-გალაკტიონ   ტაბიძე.

       აქვე  გაცხადდება  შემოდგომაძე დაბადებულ   მოსწავლეთა ვიანაობაც. მხიარული  განწყობის მიზნით   გაიმღერება სიმღერა ”შემოდგომა” (მუსიკა ვ.ცაგარეიშვილი, ტექსტი ი.გრიშაშვილი.

IV აქტივობა (5 წთ)

      მასწავლებელი კითხულობს ტექსტს: (ს.კლდიაშვილი ”შემოგომა”)

      . . . დილიდან  სოფელში  რთველი დაიწყო.  შუადღისას  საწნახელი აივსო.      ყურძენს    ფუტკარი დაესია. საწნახელში გლეხი ჩამდგარა, სრესს  მტევნებს და მხიარულად ეგებება  ახლადდაკრეფილი  ყურძნით სავსე  გოდრებს. საწნახლის  ვიწრო ღარიდან  წვენი თქრიალით  გადმოდის.

       წითლად ჩავიდა მზე, დაეშვა ბინდი. დახვავდა ხორაგი. შეისვა ვაზის სადიდებელი.

       სოფლის გზაზე მიდის გლეხი. ქვეყანას შეხარის და მიიმღერის, გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთ კეთილი და მადლიანია, დაემხე და კოცნე  მისი მიწა.

      ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრომელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.

      ირყევა მიწა. . . გორაკის წვერზე შემომჯდარა მაჭრით დამთვრალი მთვარე.

      მასწავლებელი ტექსტის წაკითხვის შემდეგ ასმენინებს რამდენიმე მუსიკალურ ფრანგმენტს ( ”მრავალაჟამიერი” და ”ცოლი გამიდიდგულდა”).გაარკვევს, თუ რა განწყობილება შეუქმნა თითოეულმა ფრაგმენტმა, შემდეგ კი ბავშვებს თხოვს, შეარჩიონ, რომელი ფრაგმეტი უფრო მეტად გამოდგება მწერლის მიერ აღწერილი შემოდგომის სურათის მუსიკალურად გასაფორმებლად. ( აქ მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს სიმღერების ტექსტზე, სიჟეტზე) შერჩეულ მუსიკალურ ფრანგმენტს ხელმეორედ ჩართავენ და კიდევ ერთხელ განმარტავენ, თუ რატომ, რა ნიშნით შეურჩიეს ამ ტექსტს კონკრეტული მუსიკალური ჩანაწერი.

  V აქტივობა (7 წთ)

      მოსწავლეები ათვალიერებენ შემოდგომის პეიზაჟებს. წარმოდგენილია ი.ლევიტანის   ”ოქროსფერი შემოდგომა”, ვ.პოლენოვის ” შემოდგომის პეიზაჟი”, ვ.შიშკინის ”მუხები”, ვ.პურვიტის  ”შემოდგომის პეიზაჟი”, ე.ახვლედიანი ”სიღნაღის გზაზე”, ე. ახვლედიანი ,,შემოდგომა”.

      პედაგოგი ყურადღებას ამახვილებს შემოდგომის პეიზაჟებში შექმნილი განწყობილების თავისებურებებზე,

       სურათების დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები აღწერენ, თუ როგორ იცვალა ბუნებამ ფერი. მათი აზრით შემოდგომა წელიწადის ერთ-ერთი ულამაზესი პერიოდია. ამ დროს ბუნებაში თბილი ფერები: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი ჭარბობს. ტყემაც მწვანე ფერი შეიცვალა და ხეებზე შერჩენილი ფოთლები ცეცხლისფრად ანათებენ. შემოდგომით ხეებს ფოთოლი სცვივა და მიწას ათასფრად ალამაზებს. მათივე აზრით შემოდგომის გამხმარი ფოთლებით  ათასნაირი  აპლიკაციის გაკეთება შეიძლება. გამხმარი ფოთლები ხომ წლობით ინახება.

      ამ   აქტივობის  პერიოდში მოისმინება ა.ვივალდის ”შემოდგომა” ციკლიდან ”წელიწადის დრონი”. აქვე არკვევენ: ჩუმად ჟღერს თუ ხმამაღლა, ვოკალურია თუ ინსტრუმენტული; რომელი საკრავის ტემბრი შეიცნეს?

      გამოფენილი საილუსტრაციო მასალის მიხედვით ბავშვები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს -როგორი განწყობილება შეექმნათ მათ -ერთის მხრივ უხვი, ბარაქიანი, ხალისიანი და, მეორე მხრივ ფერშეცვლილი სევდა- ნარევი შემოდგომის მიმართ, რომელიც ზამთრის მოახლოებაზე მოგვანიშნებს.

VI აქტივობა (5 წთ)  

    პედაგოგი სთხოვს კლასს მოისმინონ მ.ლებანიძის ლექსი ,,რატომ გვიყვარს შემოდგომა’’.

       რატომ გვიყვარს შემოდგომა

       ყველას-დიდს თუ პატარას?

       იმიტომ, რომ კაკალს ბერტყენ,

       ადუღებენ თათარას.

                         იმიტომ, რომ ვენახს კრეფენ,

                         ქვევრებს რეცხენ ღიპიანს,

                         იმიტომ,რომ რაც ხილია-

                         ყველა ხილი მწიფეა.

       იმიტომ, რომ სავსეა

       კალათა და გოდორი,

       იმიტომ, რომ ირევა

       ცაში ოქროს ფოთოლი.

    აქვე გაიმღერება სიმღერა ,,კაკლის ბერტყვა’’ (მუსიკა ვ.ცაგარეიშვილის, ტექსტი შ.მღვიმელის.)

    პედაგოგი სვამს კითხვებს:

   -როგორ გვესმის გამოთქმა: ,,ცაში ირევა ოქროს ფოთოლი’’?

- რა ფერები ჭარბობს შემოდგომაზე?

-როგორ იცვლება ბუნება შემოდგომაზე?

-როგორი ამინდი ჭარბობს, როგორია დღის ხანგრძლივობა, ჰაერის ტემპერატურა,როგორი ტასაცმელი გვაცვია? რატომ?

-რა შრომა - საქმიანობაა გაჩაღებული სოფლად შემოდგომაზე?

მოსწავლეები  აქვე შეადარებენ ხელოვნების ამ ორ ნიმუშს: ხატოვნად წაკითხული პოეტის ლექქსს და ყურადღებით დათვალიერებულ ნახატს. ისინი პასუხობენ- ეს ნაწარმოებები ჰგვანან ერთიმეორეს და რით? მასწავლებლის დავალებით ბოლო კითხვის საპასუხოდ მოძებნიან  და რვეულში  ამოიწერენ დ.მეგრელაძის მოთხრობიდან  ,,შემოდგომა ჩემს სოფელში” შესაბამის პასუხს: (მოსასწრებია ყველაფერი,შემოდგომის დოვლათის მოწევა და დალაგება,ყველა დაუღალავად ფუსფუსებს, ზოგი ყურძენს კრეფს, ზოგი სიმინდს ტეხს,შეშას იმარაგებს საზამთროდ,ახალგაზრდები ხილს კრეფენ და ინახავენ.შრომასა და ფუსფუსში ღამდება)

    მაასწავლებელი  სთხოვს კლასს კვლავ მიუბრუნდნენ  მ.ლებანიძის ლექსს და სურათების რეპროდუქციას და ერთგვარი შედარება გააკეთონ : განსხვავდება თუ არა მათი ხასიათი, განწყობა ლექსსა და ნახატებში გადმოცემული განწყობილებისაგან.

VII აქტივობა (5  წთ)

  პედაგოგი კვლავ მიმართავს შემოდგომის თვეების მიხედვით შექმნილ ჯგუფებს- მოსმენილი ნარკვევების, ლექსების, პეიზაჟების ხილვის,სიმღერების გამღერების შემდეგ შეუძლიათ თუ არა შემოდგომა დაჰყონ რამდენიმე პერიოდად ,თუნდაც სამ პერიოდად ბუნების ცვლილებებისა და ადამიანთა შრომა საქმიანობიდან გამომდინარე. სავარაუდოდ შეიქმნა აზრი შემოდგომის სამ პერიოდს შესაბამისად ეწოდოს: შემოდგომის პირი(დასაწყისი), შუაგული შემოდგომა და გვიანი შემოდგომა (მიწურული შემოდგომა)

   რადგან წინა აქტივობებში ასე თუ ისე წარმოჩნდა შემოდგომის წინა ორი ეტაპი ამჯერად შეთანხმდნენ ყურადღება გაამახვილონ გვიან შემოდგომაზე, რადგან იგი გარდამავალი პერიოდია ზამთრისათვის. ბავშვები წარმოსახვით ახასიათებენ  ამ პერიოდის დასევდიანებულ ბუნებას: მიწაზე ყვითელი ფოთლების ხალიჩაა დაგებული. ხეებს ფოთლები გასცვივდა. დედაბუნება აფრთხილებს ყველა ფრინველს, რომ გაფრინდნენ თბილ ქვეყნებში რადგან მათკენ უძლეველი მტრები მოემართება: თოვლი, სიცივე და შიმშილი. აქვე გაიმღერება სიმღერა ”გაფრინდა ქეთოს მერცხალი” (მუს. ვ.ცაგარეიშვილის, ტექსტი-ლ.მეგრელაძის) გვიან შემოდგომაზე დღე შემცირდა ტემპერატურა დაეცა წვიმიანი დღეები მატულობს ზოგჯერ ჭაღარა გარეული წვიმაც გვეწვევა.

         მოსწავლეების ეს ნააზრევი მასწავლებელმა განამტკიცა ლექსებით:

 

,,მზემ დაკარგა სითბო,                               აცივდა უკვე აცივდა                

 ცას ღრუბელთა გროვა,                              და უკვე ჩვენთვის არ სცხელა

იშვიათად სტოვებს,                                    არც მერცხალს კუდმაკრატელას,

ჩანს ზამთარი მოვა.                                    არც ოფოფს-თავსავარცხელას!

      ჭირვეულობს ქარი                                        მზე ღრუბლის მონა გამხდარა

      ავდარიან ხმაზე;                                            ანათებს ვეღარც ანათებს!

      ალბათ  მალე თოვლი                                   საცაა მოვა ზამთარი

      ჩამოცვივა მთაზე                                           მოვა და მოიკალათებს

                 (პ.რურუა)                                                         (მ.მაჭავარიანი)

 

                      

   დგგება შემოდგომის პირობითი რუკა პედაგოგის დასმული კითხვების მიხედვით:

  -   როგორი ჰავაა შემოდგომაზე?

  -  როგორი ამინდები სჭარბობს?

  - მოსავლის მიხედვით როგორია შემოდგომა?

 -  როგორი ფერი სჭარბობს შემოდგომაზე?

  

 

       აქვე ბავშვები წელიწადის დროებს მიუსადაგებენ ფერებს და შესაბამის ამინდს:

     გაზაფხული - მწვანე - თბილი

     ზაფხული - წითელი - ცხელი

      შემოდგომა - ყვითელი - გრილი

     ზამთარი - თეთრი - ცივი

 

 

VIII აქტივობა (5 წთ)   პედაგოგი ასმენინებს პ. ჩაიკოვსკის საფორტეპიანო პიესას ”შემოდგომის სიმღერა”  ციკლიდან  ”წელიწადის დრონი” და სთხოვს მოსწავლებს მუსიკის მოსმენისას აღძრული საერთო შთაბეჭდილებათა  საფუძველზე შეთხზან ლიტერატურული პეიზაჟი, ანუ დახატონ სიტყვებით მხიარული ან სევდიანი შემოდგომის სურათი:

     მხიარული შემოდგომა

     შემოდგომაზე ბებიას და ბაბუას ვეწვიე სოფლად. მათ მივეხმარე ყურძნის კრეფაში. ბებომ ფელამუში მოადუღა და ბევრი ჩურჩხელა გააკეთა. რთველით ძალიან  ვისიამოვნე და ვიხალისე.

     ტყეში

     ტყეში ბავშვები სასეირნოდ წავედით, იქ სამარისებური სიჩუმე იდგა. ძველებურად მხიარული აღარ იყო. ჩიტები არ ჭიკჭიკებდნენ  მიწაზე ყვითელი ფოთლები ეყარა. მხოლოდ ნაძვი და ფიჭვი იდგა მწვანედ მორთული.

      ფოთოლცვენა

     ტყეში ჩიტი ცხოვრობდა, მას ვერ აეხსნა, რატომ სცვივოდა ხეებს ფოთოლი, ერთი ფოთოლი შერჩა ხეს და ჯიუტად ეკიდა ბუდის ახლოს. ჩიტი ფოთოლს დაუმეგობრდა, ეჭიკჭიკებოდა, თითქოს ესაუბრებოდა.

      ერთხელ შინ დაბრუნებისას ფოთოლი ხეზე არ იყო, ჩიტი დაღონდა, ბუდეს მიაშურა და დაინახა რომ ფოთოლი ბუდეში მოკალათებულიყო, ჩიტმა გულით გაიხარა.

     მასწავლებელი სვამს კითხვას-ლამაზია თუ არა ბუნება შემოდგომაზე? შეიძლება თუარა დავტკბეთ მისი სიმშვენიერით და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ეს მშვენიერება შევინარჩუნოთ და მუდამ გვსიამოვნებდეს?

      ბავშვები ჯგუფებში პასუხებს მოიფიქრებენ და დაფაზე ჩამოწერენ: მათ უნდა დაიცვან ბუნება! არ დაამტვრევენ მცენარის ტოტებს! არ დაანგრევენ ცხოველების სოროებს და ფრინველების ბუდეს! არ დაანაგვიანებენ გარემოს! არ დაანთებენ კოცონს! შეაგროვებენ მცენარეთა თესლებს დარგავენ ახალ ნერგებს.

     მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს თავიანთი ნამუშევრები (ლიტერატურული ნარკვევები, ჩანახატები, ყვითელი ფოთლები, აპლიკაციები)- დაჰკიდონ ”შემოდგომის ხეზე”.

   პედაგოგი დასკვნის სახით აჯამებს გაკვეთილს შემოდგომის თემაზე და მოსწვლებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ მათ არა მხოლოდ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი გამოავლინეს გაკვეთილზე,  როგორ შეიგრძნეს შემოდგომა, არამედ ისიც გაიზიარეს, რომ  მხატვრებმაც, პოეტებმაც, მწერლებმაც და კომპოზიტორებმაც დახატეს შემოგომის სურათი, თუმცა განსხვავებული ხერხებითა და საშუალებებით -ფერებით,სიტყვებით და მუსიკალური ბგერებით

    გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი შესთავაზებს მათ საშინაო დავალებას: დააკვირდნენ ბუნების ცვალებადობას -შემოდგომის ბოლომდე და წარმოადგინონ ჩანაწერის სახით (დაფიქსირებული სამუშაო რვეულებში); მოაგროვონ შემოდგომის ხის ყვითელი ფოთლები, გირჩები, რომლებსაც გამოიყენებენ აპლიკაციის გასაკეთებლად. ასევე სამუშაო რვეულებში ჩაწერონ იმ სიმღერათა სახელწოდებანი, რომლებიც მოისმინეს კონცერტებზე და ტელევიზიით. შეავსონ კროსვორდი ,,რთველი”.ხილთა სახელწოდებები ჩაწერონ ჰორიზონტალურად ისე, რომ ვერტიკალში მიიღონ  ,,რთველი”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9. შეფასება

შეფასების ტიპებიდან კონკრეტულ შემთხვევაში პედაგოგი იყენებს ”ინდივიდუალურს”, ”ჯგუფურს” და ”ურთიერთ შეფასებას”.მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს კომენტარებით. გაკვეთილის განმავლობაში ყურადღებით მოისმინება თითოეული მოსწავლის აზრი, თუ რამდენად არის მისაღები და მნიშვნელოვანი; რამდენად არის მოძიებული საინტერესო მასალები და ინფორმაციები. მათი შექება სიტყვიერად დამსახურებულად გამოიკვეთება. ასევე შეფასება ხდება სიმბოლურად. ეს სიმბოლოები-”მზის გამსახულებებით” ჩაიდება კედელზე გაკრულ ჩანთაში რომლის უჯრედებზე აღნიშნულია თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი.

10. საკლასო მენეჯმენტი _

საგანმანათლებლო რესურსები

 

 

ტექნიკა და ინსტრუმენტები- კომპიუტერი-1, მაგნიტოფონი,აუდიო კასეტები.

 

ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)

მიანიშნეთ წყაროები, რომლებიც გამოიყენეთ გაკვეთილის მომზადების, მსვლელობის დროს (მაგ. წიგნები, ალბომები..)

   წიგნები- საბავშო ენციკლოპედია-ტ.-12.

                     ქართული ენა და ლიტერატურა.-III კლასი. (ავტ.ნ.მაღლაკელიძე, ც.ყურაშვილი, ე.მაღლაკელიძე)

                    ბუნება -III კლასი (ავტ. ნ.ბარნაველი, თ.გეგეჭკორი)

                    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება III კლასი (ავტ.გ.იორამაშვილი).

                   მუსიკა-III კლასი (ავტ. მ.ჩიკვაიძე)

  ნოტები-”საბავშოვო სიმღერების კრებული” (ავტ.ვ.ცაგარეიშვილი)

                  მუსიკის სახელმძღვანელო -III კლასი  (ავტ.ჯ.მუჯირი)

ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები

 www.google.ge

 


Georgian

Creative Commons License