cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

"ქართული სული დაუმორჩილებელი და უკვდავი".

by თინა ნაზრიშვილი — last modified 2011-01-09 01:59 Share

ინტეგრირებული გაკვეთილი

1. გაკვეთილის თემა: ,,ქართული სული დაუმორჩილებელი და უკვდავი.

2. სწავლების საფეხური IX კლასი. საბაზო

3. ინტეგრირებული საგნები ა) ქართული ენა და ლიტერატურა

ბ) ისტორია

4. მოსწავლეთა რაოდენობა 25

5. განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა _ რაოდენობა და პროფილი

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები ა) ქართული ენა და ლიტერატურა

ტექსტის შესწავლა და იდეური მხატვრული ანალიზი.

საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ცნობილი ადამიანების მოსაზრებების მოყვანა (ივ. ჯავახიშვილი).

გამომეტყველებით კითხვის უნარის განვითარება.

აუდიტორიის წინაშე დამაჯერებლად გამოსვლის უნარის განვითარება.

კვლევა-ძიებისა და წიგნზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მსჯელობის უნარის განვითარება.

კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება, სხვების მიერ კვლევა-ძიების შედეგად მოძიებული მასალის შეფასების დროს.

სხვადასხვა სახის ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვა) სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება.

მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის, ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით.

ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების გამოვლენა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევების განვითარება.

მოსწავლეთა მიერ წარსულისა და თანამედროვეობის კავშირის მიზანმიმართულად გამოყენება.

ბ) ისტორია

ისტორიული ეპოქის შესწავლა და გაანალიზება.

დამატებით ინფორმაციის მოპოვების უნარის გამომუშავება თანატექნოლოგიებიდან.

ისტორიულ ეპოქაზე საუბრისას შესაბამის რესურსების გამოყენება გაკვეთილზე (რუკა, დოკუმენტური მასალა).

მოსწავლეთა მიერ რეპრესიების მიზეზების შესწავლა და გაანალიზება.

ორი ეპოქის (XX-XXI) პოლიტიკური მმართველობის შედარება და განსხვავებული ინტერპრეტაციის მიზეზების დადგენის უნარი.

პარალელის გავლება წარსულსა და თანამედროვეობას შორის, აქედან გამომდინარე საერთაშორისო ორგანიზაციების როლის განსაზღვრა ამასთან დაკავშირებით.

კინემატოგრაფიიდან და დამატებით მასალიდან მოძიებული მასალის გამოყენების უნარი.

მსჯელობა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივ ინტერესებზე, განიხილავს ადამიანის უფლებებს და ადარებს აღნიშნულ ისტორიულ ეპოქას.

განიხილავს დემოკრატიული პრინციპების არსებობის აუცილებლობას და მოიძიებს მასალებს, აღნიშნულ ეპოქაში ამ პრინციპების იგნორირების შესახებ.

განიხილავს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ თავისუფლებასა და უფლებებს, გამოყოფს შესაბამის სამოქალაქო მოვალეობებს და ადარებს ამ მოვალეობების არსებობას აღნიშნულ ეპოქაში.

იყენებენ ისტორიულ საშუალებებსა და კომპიუტერულ ქსელში არსებულ ინფორმაციებს ზოგადი უნარების დასახვეწად.

იყენებენ ისტორიულ საშუალებებსა და გლობალურ ქსელს (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი) პრობლემების გადაჭრისა, სხვებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის მიზანი.

ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე მწერალსა და ისტორიოგრაფიაში მოპოვებულ თვალსაზრისს.

მიზანმიმართულად იყენებენ თავიანთ მიერ მოპოვებულ ტექნიკურ მასალას.

ეთიკისა და არსებული კანონმდებლობის დაცვით იყენებენ ისტ-ის საშუალებებს, ინფორმაციასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

იყენებს ისტ-ის საშუალებებს (მაგ. საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისათვის. ინდიკატორები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა

მოსწავლე ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ლიტ-სა და ისტორიას შორის.

მოსწავლე აანალიზებს სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ მასალას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს (ციტატებს) ქართველი რეპრესირებული მწერლების ნაწარმოებებიდან.

ჯგუფური მუშაობის დროს ურთიერთთანამშრომლობის კრიტიკული აზროვნების მოვლენების ადეკვატურად აღმა და ჩამოყალიბება.

პრეზენტაციაზე გამოსვლამდე სათანადოდ ამზადებს და შემოქმედებითად იყენებს მის მიერ მოძიებულ მასალას.

ბ) ისტორია

მოსწავლე ადარებს ორ ეპოქს, რომელიც ისტორიის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას (XX-XXI) გვაწვდიან.

Mმოიძიებს და განიხილავს არსებულ ეპოქაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიზეზებს და შედეგებს.

კარგად ერკვევიან ეპოქაში, თანმიმდევრულად მსჯელობენ.

კარგად განიხილავენ არსებული ეპოქის არსს, მიზეზებს და შედეგებს.

თანმიმდევრობა 1. ქართული ენა და ლიტერატურა:

(აქრტივობა და დრო) გაკვეთილი იწყება პოზიტიური გარემოთი

(დრო 30წთ) მოსწავლეები ისმენენ ხალხურ სიმღერას

მოტივაცია ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ. ,,მათ ყურადღებას იპყრობს კედელზე გამოკრული თვალსაჩინოებები, მათ შორის ტიციან ტაბიძის ორიგინალური და შთამბეჭდავი სიტყვები:

,,დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,

და საქართველოს მედგას უღელი

_ მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!

გამოკვეთილია გაკვეთილის თემა:

,,ქართული სული თავისუფალი და დაუმორჩილებელი

მასწავლებელმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სწორედ მიხელი ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილის შემოქმედების ნაწილობრივმა შესწავლამ გადააწყვეტინათ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება, რადგან ზემოთ არსებულ ქართველ მწერლისა და პოეტების ცხოვრება და შემოქმედება გააცოცხლებდა მოსწავლეთა წინაშე XX საუკუნის 30-იანი წლების ეპოქას, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. ასე დაიბადა იდეა. დამყარდა მჭიდრო კავშირი ისტორიასა და ქართულ ლიტერატურას შორის. ასეთი სახის სამუშაომ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. პირველ რიგში, შეისწავლეს მ. ჯავახიშვილის, ტ. ტაბიძის და პ. იაშვილის არა მარტო IX კლასის პროგრამით გათვალისწინებული ტექსტები, არამედ მოიძიეს და გეცვნენ სხვა ნაწარმოებებსაც (მაგ: მ. ჯავახიშვილის ,,დამბალო და ყაშა, ,,არსენა მარაბდელი, ,,ჯაყოს ხიზნები). შემდეგ მოიძიეს მასალა ისტორიულ წყაროებში ეპოქის უკეთ გასაცნობად. თითოეული მათგანი მოწადინებული იყო, რომ მისი თანაგუნდელი ყოფილიყო მასავით წარმატებული. მოსწავლეები სწორედ ამ გაკვეთილის წყალობით კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ თავიანთი ქვეყნის წარსულზე, ისტორიაზე, კიდევ ერთხელ სიამაყით განაცხადეს, რომ ახსოვთ ,,ვისი გორისანი არიან, და რომ ქართული სული ვერ ჩაკლა ვერანაირმა განსაცდელმა, სწორედ ქართული სული ედგა კაცს, რომელიც სიკვდილის წინაც ლექსებს ამბობდა, ვისაც სიკვდილამდე აწვალებდა ,,ქართული მზე და ქართული მიწა, რომელიც უსულგულოდ გაიმეტეს, გადაკარგეს იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან, ჩვენ კი კვლავ ჩაგვესმის მისი უსაყვედურო ღაღადისი:

,,ნუ შემიბრალებთ მე ვარ ნაცარი,

ნუ შემიბრალებთ მე გავხდი მტვერი,

ნუ შემიბრალებთ ეს არს, რაც არი.

I ჯგუფმა წარმოადგინა თავისი ნამუშევარი:

XXს-ის 30-იანი წლების რეპრესიები. მოსწავლეებმა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით კარგად გააშუქეს XX საუკუნის 30-იანი წლების ტრაგიკული ეპოქა. 1937 წლის საბჭოთა კავშირის ისტორიაში რეპრესიების, შიშისა და ტერორის პერიოდი იყო, ხოლო გადასახლება და დახვრეტა ცხოვრების ნაწილად იქცა. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა რეჟიმი ქართველ მწერლებს ჯერ იდეოლოგიურ ჩარჩოებში აქცევს, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდება. თუ საზოგადოების ნაწილი ვერ უძლებდა წამებას, შიშს, დასმენას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოახერხეს და ჩაკლეს ქართული სული. მოსწავლე ნ. გაგლოშვილმა აღნიშნა, რომ ამის უტყუარი დასტურია ქართველი მოღვაწეების მ. ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება.

II ჯგუფის თემა იყო: მიხეილ ჯავახიშვილი რეპრესირებული მწერალი.

ჯგუფის ლიდერმა მარიამ ვარამიშვილმა ვრცლად და დამაჯერებლად ისაუბრა მიხეილ ჯავახიშვილზე, როგორც რეპრესირებულ მწერალსა და მეამბოხე შეუდრეკელი სულის პიროვნებაზე. (უნდა აღინიშნოს, რომ გაკვეთილის ჩატარებისას ამ ჯგუფის ყველა წევრს წაკითხული ჰქონდა მ. ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები, ,,დამბალო და ყაშა, ,,არსენა მარაბდელი, ,,ჩანჩურა). მარიამმა თანაკლასელებს მოუთხრო ჯავახიშვილის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ.ჯერ კიდევ 1923 წელს დაუპატიმრებიათ მ. ჯავახიშვილი იმ მიზეზით, რომ დემოკრატიული პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაპყრობილ საქართველოს გამოხსნას ლამობდა. მისი ყველა მეგობარი დახვრიტეს, შემთხვევით გადარჩა უნიჭიერესი მწერალი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწერილი ,,ჯაყოს ხიზნები და ,,არსენა მარაბდელი. მოძიებული მასალებიდან მოსწავლეები კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მ. ჯავახიშვილის ტრაგიკულ გზას. მოსწავლე თამრ გურასპიშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ 1924 წლის ამბების შემდეგ როცა სისხლში ჩაახშეს ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ჯავახიშვილი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, მისმა ფიქრებმა და ზრახვებმა მთლიანად ასახვა ჰპოვეს მხატვრულ შემოქმედებაში. მან ალეგორიული ფორმით გადმოსცა თავისი სატკივარი ,,ჯაყოს ხიზნებში და ,,არსენა მარაბდელში. ამ დროს მწერლების მიმართ ჯერ მხოლოდ იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა. ყველანაირად ეცადნენ, მაგრამ ვერ ჩაკლეს ჯავახიშვილში რეჟიმის სიძულვილი, თავისუფლებისმოყვარე სული და დაიწყეს ბრძოლა მის დასაღუპად. 1937 წლის ივნისში საქ. კომპარტიის ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ მ. ჯავახიშვილი ავად მოიხსენია, გაუხსენეს ,,ჯაყოს ხიზნები და ხალხის მტრად გამოაცხადეს ,,ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი გარიცხული იქნა მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურებული. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. მოსწავლე ნ. რაზმიაშვილმა დასვა ასეთი შეკითხვა: მაინც რა მოტივით დააპატიმრეს მ. ჯავახიშვილი? დამსწრე ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ ბერია გაბოროტებული იყო ჯავახიშვილზე, რადგან მან რამდენიმე მოღვაწესთან ერთად პროტესტი განუცხადა პირველ მდივანს იმის გამო, რომ იგი მეტეხის პლატოზე ძველთაძველი ტაძრის დანგრევას აპირებდა. ტაძარი გადარჩა, თამამი ნაბიჯი კი მწერალს არ აპატიეს. ამასთან დაკავშირებით ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა მზია ბაიდოშვილმა მოსწავლეებს გააცნო ჩვენი დროის ათი მცნება, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა თავის ქალიშვილს ჩაუწერა ალბომში. (ეს იყო იმის ახსნა, თუ როგორი ზნეობრივი პრინციპებით იცხოვრა მ. ჯავახიშვილმა და უზნეო საზოგადოებისათვის როგორ იქცა უცხო სხეულად). მოსწავლე გამსახურდიამ ჯგუფის ლიდერს, მარიამს დაუსვა შეკითხვა ყველაზე მძაფრად და მოურიდებლად რომელ ნაწარმოებში აქვს ჩრდილოელი დამპყრობლის სახე. მარიამი მოაზროვნე ბავშვია და დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა. ეს არის ,,დამბალო და ყაშა. არანაკლები ინტერესი გამოიწვია პაოლო იაშვილის ცხოვრების და შემოქმედების წარმოჩენამ მოსწავლეებში. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლე ნატო გამსახურდიამ დასვა შეკითხვა: მართალია თუ არა, რომ პაოლოსა და ტიციანს სიამის ტყუპებს უწოდებდნენ? მასწავლებელმა უპასუხა, რომ ეს ნამდვილად ასეა და ბედისწერამ თითქოს არ დააშორა ერთმანეთს.

III ჯგუფმა წარმოადგინა თემა: პაოლო იაშვილი.

ჯგუფის ლიდერმა ისაუბრა პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს გაიცნო და დაუმეგობრდა თავის მომავალ ,,ძმებს ,,ცისფერყანწელებს. ამ დროს პაოლო უკვე შესანიშნავად წერდა. გიმნაზიაში სწავლის დროს უკვე ეტყობოდა პაოლოს, რომ ადვილად არ შეურიგდებოდა სულის შემხუთავ პირობებს. მან გაკიცხა ერთი მასწავლებელი, აბუჩად რომ იგდებდა ქართველ ხალხს. მოსწავლე ე. ფარემუზოვმა აღნიშნა, რომ პაოლო იაშვილსა და მის მეგობრებს კომუნისტური იდეოლოგია თავისუფლებას უზღუდავდა. პოეტს არ შეეძლო ეწერა მისთვის მიუღებელ სხვა თემებზე, უშეღავათო პიროვნება იყო, რაინდული ბუნებისა, ამიტომაც ვერ გაუძლო არსებულ რეჟიმს და 1937 წ. მწერალთა კავშირის სასახლეში საკუთარი სანადირო თოფით თავი მოიკლა.

IV ჯგუფის თემა იყო: ტიციან ტაბიძე საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი.

ჟგუფის ლიდერმა ხატია ბაიდოშვილმა ისაუბრა ტიციან ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ნიჭიერ პოეტს ავბედით ეპოქაში მოუწია ცხოვრებამ, როდესაც მამულიშვილნი ბოღმით იხრჩობიან, მაგრამ გულისნადებს ვეღარავის უმჟღავნებდნენ. ქვეყანა სავსეა შინსახკომის აგენტებითა და გაურკვეველი ეროვნების მსტოვრებით. ტიციან ტაბიძემ კარგად იცის, რომ ,,საკუთარ ძმასაც ვეღარ გაუმხელს, რაც ჩაკირულა გულში ბალღამი, მაგრამ ტკივილს დაყუჩება და სიტყვებისათვის ლაგმის ამოდება ადვილად არ ხერხდება. მოსწავლეებს მოძიებული ჰქონდათ ტიციან ტაბიძის შემოქმედებიდან განსაკუთრებით ის ლექსები, რომლებშიც კარგად ჩანს პოეტის ბობოქარი, შეუპოვარი სული.

მოსწავლე ანი მზექალიშვილმა ისაუბრა ტიციან ტაბიძის ლექსებზე ,,მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე.

მან სწორი მიგნება გააკეთა ლექსის ერთ მონაკვეთზე: ,,ვხედავ გიგნტის შოლტის მუსკულებს, და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს. მან თავის ამხანაგებს გააცნო, რომ ლექსი 1926 წელსაა დაწერილი. იმ დროს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობდა შემოქმედთა იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევას, რეჟიმისათვის შესაფერისი ნაწარმოებების დაკვეთას. იკრძალებოდა ყველაფერი, რაშიც მჟღავნდებოდა თავისუფალი სული. მაგრამ ტიციან ტაბიძის შეუპოვარი სული თვით ისეთმა ჯალათებმაც ვეაფერი დააკლეს, როგორიც საბჭოთა საიდუმლო სამსახურის აგენტები იყვნენ. პრეზენტაციის შემდეგ საინტერესო დისკუსია გამართეს ბავშვებმა. IX კლასის მოსწავლემ დათო სეფიაშვილმა დასვა ასეთი შეკითხვა: მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება საშინელ მარწუხებში აქცევდა პოეტს, ხომ არ ფიქრობდა ის თვითმკვლელობაზე? მას ნატო გამსახურდიამ უპასუხა, რომ ტიციან ტაბიძე არ გაურბოდა განსაცდელს, პირიქით, მიისწარაფოდა მისკენ, ამის დადასტურებაა მისი სიტყვები:

,,ვიცი მომელის მაინც ეს ბედი,

და ისიც ვიცი, ჩემზე ახია,

ძვირფასო, არ ვარ იცოდე ყბედი,

ან თავის მოკვლა რა ტრაბახია?

პოეტის პიროვნების შესახებ შეკითხვას სვამს მოსწავლე თამარ მინდიაშვილი: მე წაკითხული მაქვს ტიციან ტაბიძის ლექსი ,,სერგეი ესენინს. მაინტერესებს, რა აკავშირებდათ მათ ერთმანეთთან? მასწავლებელმა უპასუხა ამ შეკითხვას და მოსწავლეებს აუხსნა, რომ ესენინი და ტიციან ტაბიძე უახლოესი მეგობრები იყვნენ. სერგეის თვითმკვლელობამM თავზარი დასცა ტიციან ტაბიძეს. ,,სული სულს როგორ დაემალებაო წერს ტიციანი და მართლაც, ისინი სულიერი ძმები იყვნენ ერთმანეთისა. უფრო და უფრო მეტი აინტერესებთ მოსწავლეებს ტიციანის შესახებ. მოსწავლე ავთო ღონიაშვილმა დასვა შეკითხვა: როგორ, რა ვითარებაში მოხდა ტიციანის დასჯა? ისტორიის მასწავლებელმა თინა ნაზრიშვილმა მოსწავლის დასმულ შეკითხვას უპასუხა, რითაც დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა. 1937 წლის 8 ოქტომბერს შედგა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა, რომელმაც ერთხმად დაადგინა, რომ ეჭვგარეშე იყო ტ. ტაბიძის კავშირი ხალხის მტრებთან. ვინაიდან მას არაერთხელ მიეცა საშუალება ეღიარებინა თავისი დანაშაული, მაგრამ არ ისურვა; ტიციან ტაბიძე გაირიცხოს საბჭოთა მწერლების კავშირის რიგებიდან, ამ გადაწყვეტილებას იქვე მოჰყვა საბედისწერო განაჩენიც. კაცმა არ იცის, სად ჩაკლეს იგი, საფლავიც არა გვაქვს ტიციან ტაბიძის.

2. ისტორია გაკვეთილის თემა ,,ქართული სული დაუმორჩილებელი და უკვდავი,

ბავშვებმა და პედაგოგებმა ერთდროულად შევარჩიეთ. ამ თემის არჩევანი განაპირობა მისმა აქტუალობამ და მნიშვნელობამ. თემაში განხილული იქნება XX საუკუნის 30-იანი წლების ეპოქა, რომელმაც ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა. დახვრეტილი და რეპრესირებული იქნა ათიათასობით ადამიანი. გაკვეთილი ამ მონაკვეთში წარმოდგენილი იქნება ისტორიულ ჭრილში. შერჩეული იქნა ოთხი ჯგუფი შემდეგი თემებით:

1. XX საუკუნის 30-იანი წლების ეპოქა - ,,თავისუფლების დაკარგვის შეგუება ქვეყნის ზნეობრივი გადაგვარება; 2. რეპრესირებული მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი;

3. ტიციან ტაბიძე;

4. რეპრესიების მსხვერპლი პაოლო იაშვილი.

მოსწავლეებმა თემების მოძიებისათვის ჩაატარეს შესაბამისი სამუშაო, მოიძიეს მასალები როგორც ისტორიული, ასევე ლიტერატურული წყაროებიდან, მოძიებული მასალები მოსწავლეებმა განამტკიცეს გაკვეთილის მსვლელობისას ტექნიკური საშუალებებით.

I ჯგუფი: ,,XX საუკუნის 30-იანი წლების ეპოქა თავისუფლების დაკარგვის შეგუება ქვეყნის ზნეობრივი განვითარება. ჟგუფის ლიდერი ნათია გაგლოშვილი ისტორიულ ჭრილში განიხილავს XX საუკუნის 30-იანი წლების ეპოქას. აღნიშნავს, რომ 1937 წელი საბჭოთა კავშირის ისტორიაში რეპრესიების, შიშისა და ტერორის პერიოდი იყო, ხოლო გადასახლება და დახვრეტა საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის ეკონომიკურ საფუძვლად ინდუსტრიზაცია და კოლექტივიზაცია გამოცხადდა, ხოლო მოსახლეობაში საბჭოთა იდეოლოგიის განმტკიცების საშუალებად - ,,კულტურული რევოლუცია. მისი მიზანი იყო ,,მჩაგვრელთა ინტერესების გამომხატველი კულტურის ლიკვიდაცია და მის მაგიერ ,,პროლეტარული კულტურის შექმნა. ქართველი მწერლები უპირისპირდებოდნენ იმ შეზღუდვებს, რასაც ხელისუფლება აწესებდა. ისინი მაინც ქმნიდნენ საკაცობრიო ღირებულების მქონე ნაწარმოებებს. DDპარალელურად ეკრანზე გადიოდა მოსწავლეების მიერ ინტერნეტიდან ამოღებული დოკუმენტური ფილმი: ,,30-იანი წლების რეპრესიები. პრეზენტაციის შემდეგ საინტერესო დისკუსია გამართეს ბავშვებმა. საინტერესო იყო IX კლასის მოსწავლის გიორგი სურამლიშვილის შეკითხვა: ,,მოგეხსენებათ, რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სამართლის ნორმებით და ლახავს სუვერენული რესპუბლიკის (ამ შემთხვევაში საქართველოს) უფლებებს, აქედან გამომდინარე, რეალობად გესახებათ ე. წ. საბჭოთა კავშირის აღდგენის პერსპექტივა? მას ნათია გაგლოშვილმა უპასუხა, რომ ეს არის სურვილი დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების, რაც შეეხება საბჭოთა კავშირის აღდგენას, ეს უტოპიაა და არასოდეს არ მოხდება, ნათიას გაკვეთილზე დამსწრე პედაგოგებიც დაეთანხმნენ.

II ჯგუფი: ,,რეპრესირებული მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. მარიამ ვარამიშვილმა აღნიშნა 30-იანი წლების ნეგატიური გავლენა იმდროინდელი მწერლების შემოქმედებაზე. მიხეილ ჯავახიშვილი არასოდეს შეგუებია არსებულ რეჟიმს და თავისი ბესრი კალმით ყოველთვის აკრიტიკებდა მას. დიდი მწერალი თავის ნაწარმოებებში თანაუგრძნობდა საქართველოს და მისი გათავისუფლების გზებს ეძებდა. ბავშვებმა ისაუბრეს იმ ეპოქაში მოღვაწე ქართველების (ი. სტალინის, ს. ორჯონიკიძის, ფ. მახარაძის) სამარცხვინო საქმიანობის შესახებ, რომლებიც თავიანთი შავ-ბნელი საქმიანობით ხელს უწყობდნენ საქართველოს რუსეთის კოლონიად გადაქცევას. საინტერესო იყო ნათია გაგლოშვილის მიერ დასმული კითხვა: მე ძალიან მიკვირს და იქნებ ამიხსნათ, ს. ორჯონიკიძე და ფ. მახარაძე, ეროვნებით ქართველები, შეგნებულად მტრობდნენ საქართველოს თუ ეგონათ ქვეყნისთვის კარგს აკეთებდნენ? ამ კითხვაზე პასუხი დამსწრე მასწავლებელმა ლ. ჩიხიაშვილმა გააკეთა და უპასუხა, რომ ისინი იყვნენ ზნეობაგადაგვარებული ქართველები და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ქვეყნისთვის ცუდს აკეთებდნენ, სამწუხაროდ, სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს ჰყავდა მათი მსგავსი მოღალატეები.

III ჯგუფი: რეპრესიების მსხვერპლი იყო პაოლო იაშვილი. პრეზენტაცია გააკეთა ნატო გამსახურდიამ. მან იასუბრა და სრულყოფილად წარმოადგინა ამ დიდი ქართველის სახე. მე მიყვარს ის ტყვია, რომელიც დაიხალა პაოლომ, რადგან ეს იყო პროტესტი რეჟიმისა, რომელიც იმ დროს საქართველოში არსებობდა, მან თავი დადო სამსხვერპლოზე და ერთხელ კიდევ უთხრა რუსეთს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა თქვენს რეჟიმსო. განა არ შეეძლო გუნდრუკი ეკმია მათთვის და ბედნიერდ ეცხოვრა? მან ეს არ ისურვა, იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა დიდი ქართველი და მოაზროვნე ადამიანი იყო ასე მსჯელობდა ნატო გამსახურდია. პრეზენტაციის შემდეგ ერთ-ერთმა მოსწავლემ თამარ მინდიაშვილმა ასეთი შეკითხვა დასვა: პაოლო იაშვილის მიერ თავის მოკვლა ხომ არ ნიშნავდა მის დამარცხებას და უსუსსრობას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ? ნატომ ისაუბრა, რომ რათქმა უნდა არ ნიშნავდა არც დამარცხებას და არც უსუსურობას. ის მართალია ხალხის მტრად გამოაცხადეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რაც გაყალბებული ისტორია აღარ არსებობს, პაოლო ქართველი ხალხისათვის მისაბაძი მაგალითია.

IV ჯგუფი: ,,ტიციან ტაბიძე და უსიკვდილოდ ვერ გადავურჩები. ამ თემის ირგვლივ საინტერესოდ ისაუბრა ხატია ბაიდოშვილმა. მან აღნიშნა, რომ ტიციანი გრძნობდა, რომ რიგში იდგა და სულ მალე გაიზიარებდა თავისი მეგობრების ბედს, ამიტომ ის შეგუებული იყო კიდეც. საინტერესო იყო გაკვეთილის პარალელურად გაშვებული ფილმი: ,,მონანიება და მისი მთავარი გმირი ---------------------------------------------, რომელიც სახეა 30-იანი წლების რეპრესიების რეჟიმისა, რომელიც ანადგურებდა ყოველივე კარგს, ყველა მოაზროვნეს და პატრიოტს. ბორკილს ადებდა თავისუფალ სიტყვას და ციხის კედლებში ამწყვდევდა. უნდა აღინიშნოს, რომ დაისვა რამდენიმე საინტერესო შეკითხვა. პრეზენტაციის ბოლოს, ისტორიის მასწავლებელმა თ. ნაზრიშვილმა ბავშვებს ასეთი შეკითხვა დაუსვა: დღევანდელი რუსეთის დამოკიდებულება ქართველის მიმართ შეიძლება ჩაითვალოს თუ არა 30-იანი წლების რეპრესიების გაგრძელებად? ბავშვებმა ერთხმად უპასუხეს, რომ შეიძლება, რადგან რუსეთი დღეს XXI საუკუნეში ხელყოფს საქართველოს ტერიტორიებს, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უგულველყოფს საქართველოს სუვერენულ უფლებებს. ისტორიის მასწავლებელმა შეაჯამა გაკვეთილი, მადლობა გადაუხადა ბავბშვებს მათ მიერ მოძიებული მასალის გამო და აღნიშნა, რომ გაკვეთილზე წარმოდგენილმა ნაშრომებმა დიდი ქართველი მწერლების შესახებ დადებითი ემოციები აღძრა თითოეულ თქვენგანში და მათი მოღვაწეობა მაგალითი იქნება თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის და მთავარი კრიტერიუმი თქვენი არსებობის მანძილზე იქნება საქართველო. ჩვენ დასკვნითი ნაწილის გაკეთება მივანხდეთ ბავშვებს. გაკვეთილის თემა: ,,ქართული სული დაუმორჩილებელი და უკვდავი, იძელოდა კარგი დასკვნის გაკეთების საშუალებას. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიო ისტორიას ახსოვს ისეთი ძლიერი სახელმწიფოები, როგორიც იყო ბაბილონი, ასურეთი, ურარტუ, მიდია, ბიზანტია და სხვა, ისინი მსოფლიო რუკაზე აღარ არიან. მე მინდა სიტყვასიტყვით გითხრათ მოაზროვნე ბავშვის ხატია ბაიდოშვილის სიტყვები: ,,საქართველო ყოველთვის პატარა ქვეყანა იყო, მაგრამ ძლიერი და დაუმორჩილებელი, ქართული ჯიშის მოდგმა ყოველთვის მცირენი ვიყავით, მაგრამ მებრძოლნი და დაუმორჩილებელნი, და რა გასაკვირია, რომ ასეთი გენი უკვდავი იყოს. ბავშვებმა გაკვეთილის ბოლოს დაფაზე გააკრეს ნ. გაგლოშვილის მიერ დახატული ,,მომავლის ხე, დაისვა ასეთი კითხვა: ,,როგორ მოვედით აქამდე და გვიწერია კი უკვდავება მომავალში? ყველა ბავშვმა და დამსწრე მასწავლებელმა ,,მიაკრა თავისი მოსაზრება, რომელიც შემდეგ გაკვეთილზე წავიკითხეთ საკმაოდ ოპტიმისტური და საინტერესო პასუხები. ჩვენ ვთვლით, რომ წარმატებით მივაღწიეთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და ჩვენი გაკვეთილის მიზანიც ეს იყო. მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს თამამად მოახდინეს თვითშეფასება, რომელიც გამოირჩეოდა ჯანსაღი კრიტიკით. მაგ: მოსწავლემ დავით სეფიაშვილმა ხატია ბაიდოშვილის ჯგუფის გამოსვლა ასე შეაფასა: ჯგუფის წევრების გამოსვლა იყო ემოციური, საუბრობდნენ არადამაჯერებლად. ეკა ქარენაშვილმა ნატო გამსახურდიას ჯგუფის გამოსვლა დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ბავშვებს ეტყობოდათ საგნის ღრმა ცოდნა, მაგრამ ცოტათი მაინც ღელავდნენო. მოსწავლეტა თვითშეფასება იყო ობიექტური, კრიტიკა ჯანსაღი. პედაგოგებმა თ. ნაზრიშვილმა და მ. ბაიოდოშვილმა ოთხივე ჯგუფის მუშაობა დადებითად შეაფასა.

10. საკლასო მენეჯმენტი _ საგანმანათლებლო რესურსები

ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი, ტელევიზორი, პრორექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.

ინფორმაციის წყაროები: IX კლასის ისტორიის სახელმძღვანელო; ივ. ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია; IX კლასის სახელმძღვანელო მშობლიური ენა და ლიტერატურა ეროვნული სასწავლო გეგმა; მიხეილ ჯავახიშვილის რჩეული; პაოლო იაშვილის პოეზია; ტიციან ტაბიძის პოეზია.

დ ა ს კ ვ ნ ა

მოსწავლე ხატია ბაიდოშვილმა შეაჯამა ჩატარებული გაკვეთილი და აღნიშნა, რომ ცალ-ცალკე ისტორიაშიც ჰქონდათ ნასწავლი XX საუკუნის 30-იან წლების ეპოქა და რეპრესიები, ხოლო ქართულში რეპრესირებული მწერლების შემოქმედება. მაგრამ ინტეგრირებულმა გაკვეთილმა სულ სხვა თვალით დაანახა მათ ეპოქის ტრაგიზმიც და ამის ფონზე ქართველი ინტელიგენციის შეუდრეკელი, ჩაუკვლელი სული. ჩვენთვის, მომავალი თაობისთვის, მათი ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორი ზნეობრივი პრინციპებით უნდა იცხოვრო, რომ ხორცი წარმავალია, სული მარადიული და წინაპრების გავლილი გზიდან გადახვევის უფლება არა გვაქვს. ჩვენ ქართველები ვართ, ყველაზე შეუპოვარი, დაუმორჩილებელი ხალხი.

ყვარლის II საჯარო სკოლა

გაკვეთილის თემა: "ქართული სული დაუმორჩილებელი და უკვდავი".

საგნები:ქართული, ისტორია

მასწავლებლები: თინა ნაზრიშვილი - ისტორია; მზია ბაიდოშვილი - ქართული.


ისტორია, ქართული


Georgian

Creative Commons License