cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

გაკვეთილის გეგმა : "თორნიკე ერისთავი"

by makatabagari15 — last modified 2012-03-17 12:09 Share

1.

გაკვეთილის თემა

აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“

შემაჯამებელი გაკვეთილი

2.

სწავლების საფეხური და კლასი

II საფეხური. VII კლასი

3.

მასწავლებლის სახელი,გვარი

მაკა თაბაგარი

207-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

4.

მოსწავლეთა რაოდენობა:

24 მოსწავლე

5.

გაკვეთილის ხანგრძლივობა:

2 აკადემიური საათი

6.

მეთოდი:

მოკლე ლექცია პრეზენტაციით, ინტერაქტიური და ჯგუფურიმუშაობა

7.

განსაკუთრებული მიდგომების  საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

კლასში ასეთი საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.

8.

გაკვეთილის მიზნები

ა) პოემის ჟანრის გაცნობა, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება;

ბ) ისტორიული ფაქტისა და მხატვრული გამონაგონის გამიჯვნა ნაწარმოებში;

გ) სიუჟეტისა და ფაბულის ერთმანეთისაგან გარჩევა;

დ) ნაწარმოების იდეური ანალიზი.

9.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები

VII – 7,8,9,10,11,12,13,14.

ამოიცნობს ტექსტის მიზანს და აუდიტორიას, საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა წაკითხულმა, ამოიცნობს  მთავარ აზრს, განასხვავებს ფაქტს დამოკიდებულებებისაგან და აჯამებს ყოველივეს. აფასებს პერსონაჟების მოქმედებას, ახასიათებს მათ, აფასებს მთხრობელის დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ.

ამოიცნობს და განმარტავს, როგორ ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში, ასხვავებს ერთმანეთისაგან სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს, ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს (ავტორისეული დახასიათება, მეტყველება, პორტრეტი...).

ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა, ეპითეტი,), ზოგიერთ სტილისტურ ეფექტს, სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას  ტექსტში. განმარტავს სად იწყება და მთავრდება  სიუჟეტის განვითარების საფეხურები.

წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას, აგროვებს და ახარისხებს მასალას, ადგენს ტექსტის გეგმას, იყენებს სხვადასხვა რესურსს.

წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას(პლაკატს, სქემას, ან რაიმე სხვა თვალსაჩინოებას.)

ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას, მოიძიებს ინფორმაციას, გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს, გამოდის მომხსენებლის როლში და გამოხატავს ჯგუფის საერთო აზრს, შემოიფარგლება კონკრეტული თემით, ისმენს და ეთანხმება , ან კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს.  

10.

თანმიმდევრობა: აქტივობა და დრო

შემაჯამებელ გაკვეთილს წინ უძღვის ტექსტზე მუშაობის  8საგაკვეთილო საათი. მუშაობას ვაწარმოებდი პაუზებით კითხვის მეთოდით. გარკვეული ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ვსვამდი ტექსტის შცნობისათვის საჭირო და აუცილებელ კითხვებს. ვადგენდით ასოციაციურ რუკებს, ყურადღებას ვამახვილებდით პოემის მნიშვნელოვან და საყურადღებო ადგილებზე. ვიძიებდით ინფორმაციას შესაბამის ისტორიულ ფაქტსა და მე-19 საუკუნის ისტორიულ სინამდვილეზე.

 

შემაჯამებელი გაკვეთილი

 

აქტივობა I  -  10-12 წთ. მინი ლექცია პრეზენტაციით;

 

-         დაბადება, მშობლები, ბავშვობა, სწავლის წლები, შემოქმედების ძირითადი ასპექტები, აკაკი - საზოგადო მოღვაწე, ილიას მხარდამხარ, აკაკის პოპულარობა,  გარდაცვალება, სხვიტორიდან - მთაწმინდისკენ;

 

აქტივობა II  -  8-10 წთ.   მოსწავლეთა პროვოცირება, ინტერაქტიული მეთოდით საყურადღებო მასალაზე კონცენტრირება.

 

მოსწავლეთა პროვოცირებისათვის ვყვები აკაკი შანიძის მოგონებას აკაკი წერეთლის იუბილეს სამზადისის შესახებ 1908 წელს: „ეს დღესასწაული მით უფრო სანუკვარი იყო, რომ წინა წელს ვერაგულად მოკლეს დიდი ილია და საჭირო იყო, რომ წიწამურის ტრაგედიით ღრმად დაკოდილი ეროვნული სხეული მცირეოდენად მაინც მოშუშებულიყო. აკაკის იუბილე ერთგვარი სალბუნი  იყო ამ დიდი ეროვნული ტკივილის დასაამებლად, რადგანაც აკაკის დროშა იგივე ილიას დროშა იყო და უკეთესი მომავლის იმედებით მაინც ყველას უღვივოდა გულში.“ ასევე მოსწავლეებს ვუამბობ ერთ საინტერესო ფრაგმენტს როდიონ ქორქიას მოგონებიდან. იგი იხსენებს ფოთში გამართულ აკაკის იუბილეს და ყვება: „ვიღაცამ საოცარი პათოსით წაიკითხა: „არ მომკვდარა! მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!“ - ატყდა ტაშის გრიალი და, იმავე დროს, ბევრი ატირდა, დარბაზში თეთრი ცხვირსახოცები აფრიალდა. მე, 14 წლის ბავშვმა, პირველად ვიგრძენი, რომ დაჩაგრული ერის შვილი ვიყავიო“. 

ამის შემდგომ მოსწავლეებს გამოვიწვევ სასაუბროდ და კითხვა-პასუხის ფორმატით წარმოვაჩენ XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობას; გამოვკვეთთ პოეტი-ლიდერის როლს და ხაზს გავუსვამთისტორიული ნაწარმოების შექმნის  მნიშვნელობას. საგანგებოდ შევჩერდები პოემის შესავალზე: დიდებული წარსული, უბადრუკი აწმყო - გმირი ხალხის მთვლემარე შვილები; მომავლის იმედი - ცისარტყელა, „არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი!“, „წარსულ ნერგზე ახალ ნამყნის  შეხორცებას“

ასევე ყურადღებას გავამახვილებ ნაწარმოების ფინალზე. ძლევამოსილ, გამარჯვებულ ჯარს, წესით, არ უნა ემღერა მიჯაჭვულ და მკერდდაფლეთილ, ყვავ-ყორნებისაგან შეწუხებულ ამირანზე, რომელიც შესაფერის დროს ელოდება, რომ თავი დაიხსნას გასაჭირისაგან. ძლევამოსილი ჯარის ეს სიმღერა  მე-19 საუკუნის საქართველოს ტკივილს წარმოგვიდგენს, მაგრამ იქვე ხაზგასმაა გმირებსა და მათ აღმზრდელ დედებზე და იქვე ჩნდება იმედი, იმედი უკეთესი მომავლისა, რასაც ადასტურებს სულ ბოლო აკორდი პოემისა - სიზმარი; ლოცვა, და ისევ ცისარტყელა. სამი ქალი: რწმენის, სახელმწიფოებრივი ძლიერების, და სიმტკიცისა და სიწმინდის სიმბოლო: ნინო, თამარი, ქეთევანი.იქვე გვახსენდება: ენა, მამული, სარწმუნოება. აი, რაზე უნდა დადგეს ქართველობა,რომ ცისარტყელა ისევ გადაიჭიმოს ნიკოფსიითგან დარუბანდამდის. აი, რა უნდა დაუსახოს მიზნად ლიდერმა - პოეტმა ერს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.

ამ დასკვნებამდე მისვლის შემდგომ ოთხ ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს მივცემ კონკრეტულ დავალებებს, რომლებიც ბარათებზე  გამზადებული მექნება წინასწარ. ჯგუფებს პირობითად ვუწოდებ სახელებს.

 

აქტივობა III – 25 წთ. ჯგუფური მუშაობა;

 

I ჯგუფი - “ მკვლევარები“ (იმუშავებენ პოემაში ისტორიული სინამდვილისა და მხატვრული გამონაგონის გამიჯვნაზე, ფაბულისა და სიუჟეტის ურთიერთმიმართებაზე).

დავალება ბარათზე:

1. ჩამოაყალიბეთ ისტორიული სინამდვილე, რომელიც საფუძვლად დაედო პოემას. რა იცით ბარდა სკლიაროსის აჯანყებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა მონაწილეობის შესახებ?

2. რა ინფორმაციას გვაწვდის ივანე სულისძის წარწერა ზარზმაში?

3. დააჯგუფეთ პოემაში: ერთის მხრივ, ისტორიული სინამდვილე და მეორე მხრივ მწერლის გამონაგონი; ასევე - ისტორიული პირები და ლიტერატურული პერსონაჟები.(შეგიძლიათ წარმოადგინოთ სქემების სახით).

4. პოემის შინაარსზე დაყრდნობით გამოკვეთეთ სიუჟეტის განვითარების საფეხურები.

5. განმარტეთ რა არის: ფაბულა, სიუჟეტი, პროლოგი, ეილოგი, ექსპოზიცია, კულმინაცია, კვანძის გახსნა.

 

II ჯგუფი - “ ლიტერატორები“ (იმუშავებენ რომ წარმოაჩინონ ჟანრი - ისტორიული პოემა, გამოკვეთონ ნაწარმოების მხატვრული ელფერი და კომპოზიცია).

დავალება ბარათზე:

1. ისაუბრეთ ნაწარმოების ჟანრზე: რა არის პოემა? დააკონკრეტეთ რა არის ისტორიული პოემის მახასიათებლები.

2. როგორია „თორნიკე ერისთავის“ არქიტექტონიკა? ისაუბრეთ ნაწარმოების კომპოზიციაზე.

3. გამოკვეთეთ ნაწარმოების მხატვრული ელფერი! ისაუბრეთ მწერლის სტილსა და ინტონაციაზე, (მაღალფარდოვანია მეტყველება, თუ სადა და მოხდენილი, არქაიზმებითაა დატვირთული, თუ ნათელი და გამჭვირვალეა ყოველი სტრიქონი).

4. რა დატვირთვა აქვს პოემაში მხატვრულ გამონაგონს (ყურადღება გაამახვილეთ პეიზაჟზე, სიზმარსა და ლოცვაზე)?

5. დაასახელეთ ეპითეტის, მეტაფორისა და შედარების მაგალითები. როგორია რითმა და რიტმი?

 

III ჯგუფი - “ ანალიტიკოსები“ (ეცდებიან წარმოადგინონ ნაწარმოების იდეური ანალიზი, დააკავშირონ  წარსული და მე-19 საუკუნის საქართველო).

დავალება ბარათზე;

1. როგორ საქართველოსა და ქართველობას წარმოგვიდგენს მწერალი და როგორია მე-19 საუკუნის საქართველო?

2. რა დატვირთვა აქვს პოემაში სიზმარს, ლოცვას, სამშობლოში დაბრუნებული ჯარის სიმღერას?

3. ნინოს, ქეთევანის, თამარის ღვაწლი საქართველოს ისტორიაში. რატომ დააკავშირა მწერალმა ეს სამი სხვადასხვა ეპოქის ქალი და შექმნა დიადი სამეული? სხვა რომელ სამეულებს გაიხსენებთ?

 4. რას წარმოგვიდგენს ცისარტყელას მხატვრული სახე პოემის შესავალსა და ფინალში?

5. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სცადეთ წარმოადგინოთ მწერლის ჩანაფიქრი: რა იყო ამ ისტორიული პოემის შექმნის იდეა?

 

IV ჯგუფი - “ შემოქმედები“ (იმუშავებენ, რომ შექმნან ჩანახატი, ლექსი ან ნახატი შეთავაზებული თემებიდან რომელიმეზე).

დავალება ბარათზე:

შექმენით ჩანახატი, ლექსი ან ნახატი შემოთავაზებული თემებიდან რომელიმეზე:

ნახატი: 1. ლხინი, ან სამსჯავრო დავით კურაპალატის სასახლეში;

2. ბრძოლა  ჰალისის პირას;

3. გამარჯვებული მეომრების დაბრუნება სამშობლოში;

4. საქართველოსთვის მლოცველი დედები.

თხზულება:

1.      „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული შვიდფეროვანი სარტყელი“;

2.      „აკაკისა და ჩემი საქართველო“;

3.      „დღევანდელი საქართველოს ტკივილი“.

 

ჯგუფებს საშუალება ექნებათ  პრეზენტაციისთვის გამოიყენონ ფორმატები, ფერადი ფანქრები, კომპიუტერი და პროექტორი. თავიანთი ნამუშევრის წარმოდგენას  მოახდენენ როგორც სიტყვიერად, ისე ვიზუალურად.

11.

შეფასება

აქტივობა IV. 10-12 წთ.

 

შეჯამების მიზნით ბავშვებს ვთხოვ, შეაფასონ მოწინააღმდეგე გუნდის ნამუშევრები (განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება ნაშრომის ღირსებაზე), და თუ უკმარისობის განცდა აქვთ რომელიმე გუნდის მიერ წარმოდგენილ მასალაზე, განავრცონ ის თავიანთი ინფორმაციით (ასეთ შემთხვევაში გუნდი მიიღებს დამატებით ქულას).

ბოლოს თვითონვე შევაჯამებ გაკვეთილს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.

 

ჯგუფური მუშაობის შეფასებვის რუბრიკა:

 

 

 

შედეგი

1-3 ქულა

4-5ქულა

6-7 ქულა

8-9-10 ქულა

კომუნიკაცია

ჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. არ უზიარებენ ერთმანეთს აზრს და გამოცდილებას. ვერ ახერხებენ შეთანხმებულ მუშაობას.

ცდილობენ თანამშრომლობას, აქვთ სურვილი გამოხატონ თავიანთი აზრი და გაიზიარონ მეგობრებისაც. მუშაობენ შეთანხმებულად, მაგრამ პერიოდულად.

მოახერხეს თანამშრომლობა ერთმანეთთან. შეძლებისდაგვარად გამოხატავენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ჯგუფის სხვა წევრების აზრსაც. მუშაობენ შეთანხმებულად.

თანამშრომლობა ერთმანეთთან მაღალია. გამოთქვამენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ჯგუფის წევრების აზრსაც. მუშაობენ შეთანმებულად.

აქტიური სმენა (ჩართულობა)

არ არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი.არ უსმენენ ერთმანეთს და ვერ ერთვებიან დავალების შესრულების პროცესში. სმენადობა დაბალია.

უსმენენ უგულისყუროდ, პერიოდულად.ცდილობენ მოახდინონ ყურადღების კონცენტრირება. პერიოდულად ერთვებიან დავლების შესრულების პროცესში.სმენადობა არის მაგრამ პერიოდულად.

უსმენენ ერთმანეთს. არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი. აქტიურად არიან ჩაბმული დავალების შესრულების პროცესში, სმენადობა მაღალია.

უსმენენ ერთმანეთს ავითარებენ ერთმანეთის აზრს, არიან ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი. აქტიურად არიან ჩაბმული დავალების შესრულების პროცესში. აქვთ მზაობა და დავალების მაღალ დონეზე შესრულების სურვილი. სმენადობა მაღალია.

საინტერესო პრეზენტაზია

შესავალი არ აქვს. იწყებს უინტერესოდ. ვერ ახდენს პრობლემის განსაზღვრას, ვერ გეგმავს და წყვეტს დასმულ ამოცანას. ვერ ახდენს მის გადაჭრას. ვერ მეტყველებს გამართულად.

შესავალი არის, მაგრამ უინტერესო და ტრაფარეტული. ცდილობს ორგანიზებას და პრობლემის გადაჭრას. ნაწილობრივ წყვეტს დასმულ ამოცანას. საუბარი არის ფრაგმენტული, ხარვეზებით.

ცდილობს შესავალი წარმოადგინოს საინტერესოდ. ახდენს პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას. მეტყველებს გამართულად.

საინტერესოდ და დამაჯერებლად იწყებს თხრობას. ახდენს პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების ორგანიზებას და მათ წარდგენას. ირჩევს ეფექტურ სტრატეგიებს და მოკლედ აღწერს ამოცანის გადაჭრის საფეხურებს და მიჰყვება არჩეულ გზას. მეტყველებს გამართულად, მოჰყავს დამატებითი ინფორმაცია, აკავშირებს ძველს ახალთან.

ვიზუალური წარდგენა

არ აქვს თვალსაჩინო მასალა, ვერ ახერხებს შექმნას იგი და წარმოადგინოს.

აქვს თვალსაჩინოება, მაგრამ მწირი, არაესთეტიური. არ ცდილობს შეავსოს და საინტერესო გახადოს.

თვალსაჩინო მასალა შესრულებულია სრულად, ესთეტიურად. ცდილობს შეავსოს და კიდევ უფრო საინტერესო გახადოს.

მასალა წარმოდგენილია სრულყოფილად და საინტერესოდ, დიდი პასუხისმგებლობით, მაღალ ესთეტიურ დონეზე. ყველასათვის გასაგებად.

უკუკავშირი დასკვნა

ვერ დააინტერესა აუდიტორია, არ აქვს არგუმენტაცია ვერ ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას.

აუდიტორიის ინტერესი პერიოდულია. ცდილობს მოიყვანოს არგუმენტები და გასცეს კითხვებზე პასუხი.

აუდიტორიის დაინტერესება შეძლო. ახდენს ამოცანის ანალიზს და სინთეზს შესაბამისი არგუმენტებით. ნაწილობრივ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა.

აუდიტორიის ინტერესი მაღალია, ახდენს ამოცანის ანალიზს და სინთეზს, მოჰყავს დასაბუთებული არგუმენტები. სწორად და გამართულად სცემს კითხვებზე პასუხს.

 

აქტივობა V. 3 წთ. საშინაო დავალება:

 

მოსწავლეებს ვთხოვ, გააგრძელონ ფიქრი ამ საკითხზე და დაწერონ თემა:

„აკაკის სიზმარი დღეს“

(ასეთი დავალება განავითარებს მათ ფანტაზიას და ასწავლის  ათვისებული მასალის თანამედროვეობასთან დაკავშირებას.)

12.

საკლასო მენეჯმენტი - საგანმანათლებლო რესურსები

 გაკვეთილისთვის დაგვჭირდება: დაფა, ცარცი, ფორმატის ქაღალდები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, საწერკალმები, აკაკის ფოტოსურათი, წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა,

 ქსელში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი.

 

აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“

საძიებო საიტები: google.ge ; vikipedia

Microsoft office powerpoint

Creative Commons License